ქურდოვანიძე: გვრიტიშვილმაც დაინახა, რომ ბიულეტენზე ჩანდა გაფერადებული წრე, თუმცა არ აღიარებს

პუბლიკა

სააპელაციო სასამართლოში გრძელდება სხდომა საარჩევნო დავებზე. კოლეგია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „ჩემი ხმის“ სარჩელებს განიხილავს.

სააპელაციო სასამართლოში კიდევ ერთხელ ჩატარდა ექსპერიმენტი, რათა დადგენილიყო ირღვეოდა თუ არა ხმის ფარულობა არჩევნების დღეს.

მხარემ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის ობიექტურობა.

ცესკოს სარჩელში, რომელიც საიამ გაავრცელა ნათქვამია, რომ მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას ცოლი სოციალურ ქსელებში „ოცნებაზე“ კრიტიკულ პოსტებს წერს, ასევე მან ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიას თანხა შესწირა.

„ცოლის მიერ გაკეთებული განცხადებები არ შეიძლება მოსამართლის აცილების საფუძველი იყოს. გარდა შინაარსობრივი დაუსაბუთებლობისა, პროცედურულადაც არასწორია ამ საკითხის სააპელაციო სასამართლოში დაყენება, რადგან მათ მოსამართლის აცილება პირველი ინსტანციის სასამართლოში არ დაუყენებიათ. ეს კარგად იცის ცესკოს იურიდიულმა დეპარტამენტმა, თუმცა, ამ სისულელის დაყენება მათ დასჭირდათ იმისთვის, რომ სააპელაციო სასამართლოსთვის მიეცათ სამართლებრივი ბერკეტი, ეთქვა, რომ რადგან მხარე მოსამართლის ობიექტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, მის მიერ ჩატარებული ექსპერიმენტიც ხელახლა უნდა ჩატარდეს“, – წერს საიას ხელმძღვანელი, ნონა ქურდოვანიძე.

მისივე განცხადებით, ექსპერიმენტის დროს ერთ-ერთმა მოსამართლემაც შეაცურა ბიულეტენი აპარატში და ყველამ, მათ შორის, დიმიტრი გვრიტიშვილმაც, დაინახა, რომ მასზე ჩანდა გაფერადებული წრე. თუმცა, ის ამას არ აღიარებს.

„სასამართლო განსაკუთრებული მონდომებით ეცადა, რომ ექსპერიმენტი ხელოვნური შეზღუდვებით ჩაეტარებინა და ჩაატარებინა ცესკოს დახელოვნებულ სპეციალისტებს, ანუ იმ ხალხს, ვინც სხვას ასწავლის ბიულეტენის აპარატში მოთავსებას. გარდა ამისა, მან ბიულეტენი მოათავსა ყუთში იმგვარად, რაც აცდენილი იყო იმ სწავლებასთან, რასაც ცესკო არჩევნებამდე იყენებდა. ამის შემდგომ, ერთ-ერთმა მოსამართლემ შეაცურა ბიულეტენი და ყველამ, მათ შორის, დიმიტრი გვრიტიშვილმაც დაინახა, რომ მასზე ჩანდა გაფერადებული წრე. თუმცა, ის ამას არ აღიარებს“, – წერს ქურდოვანიძე.

საიას შეფასებით, პროცესზე ექსპერიმენტი ხარვეზით ჩატარდა – გამოიყენეს მხოლოდ ხმის მთვლელი აპარატი, მაგრამ ყუთი, რომელზეც ის უნდა დამონტაჟებულიყო, არ მიიტანეს.

ასევე, ორგანიზაციის ცნობით, ექსპერიმენტს ხელმძღვანელობდა ცესკოს თანამშრომელი, რომელიც წარსულში საინფორმაციო-სასწავლო შეხვედრებს უძღვებოდა.

„ცესკოს თანამშრომლის მიერ ბიულეტენი კონვერტის მეშვეობით იმგვარად არ მოთავსებულა ხმის მთვლელ აპარატში, როგორც ეს წინასაარჩევნო პერიოდში განემარტათ ამომრჩევლებსა და დაინტერესებულ პირებს.ამის შემდეგ მოსამართლეს თავადაც ვთხოვეთ ბიულეტენი მოეთავსებინა აპარატში რა დროსაც აშკარად გამოჩნდა ბიულეტენის მონიშვნა. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეებმაც დაინახეს ეს ფაქტი, მათ განაცხადეს, რომ ექსპერიმენტი დასრულებული იყო იმ მომენტში, როცა ცესკოს წარმომადგენელმა ბიულეტენი ჩააცურა და ახლა რა ჩანდა არ ჰქონდა მნიშვნელობა“, – წერს ორგანიზაცია.