„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ მოსამართლეთა კონფერენციის მოწვევის მიზანი „კლანის” მიერ საკუთარი ძალაუფლების ჩვენება იყო.
„დღევანდელმა შეკრებამ აჩვენა, რომ მოსამართლეთა კონფერენციის მოწვევის მთავარი მიზანი იყო იმის ჩვენება, რომ გავლენიან ჯგუფს სასამართლოში კიდევ ერთხელ ეჩვენებინა თავისი ძალაუფლება, ინდივიდუალური მოსამართლეებისთვის დაემტკიცებინა, რომ ეს სისტემა არის ძლიერი, ის არ შეიცვლება და აქედან გამომდინარე, უნდა დაუჭირონ მხარი ერთსულოვნად ლიდერების პოზიციებს”. – თქვა ნონა ქურდოვანიძემ „ფორმულას” ეთერში.
დღეს, 24 მარტს მოსამართლეთა 32-ე კონფერენცია ჩატარდა. შეკრებილმა მოსამართლეებმა მხარი დაუჭირეს უზენაესი სასამართლოს მიერ წარმოდგენილ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „მათთვის შემაშფოთებელია მოსამართლეთა კეთილსიდისიერების შემოწმება – „ვეტინგი”, ვინაიდან ის ერთმნიშვნელოვნად, არსებითად და პრინციპულად ლახავს სასამართლოსა და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას”.
„ვეტინგი” ევროკომისიის რეკომენდაციაა, რომელიც მოსამართლეთა კეთილსინდისიერების გადამოწმებას გულისხმობს. ის უნდა შეეხოს არა ყველა მოსამართლეს, არამედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს, სასამართლოებისა და კოლეგიების თავმჯდომარეებს, დაახლოებით 60 მოსამართლეს.
თუმცა, „ქართული ოცნების” ხელისუფლება და „კლანის მოსამართლეების” მტკიცებით, „ვეტინგი” აბსოლუტურად ყველა მოსამართლეს შეეხება.
„ვეტინგს” კატეგორიულად ეწინააღმდეგება როგორც „ქართული ოცნების” ხელისუფლება, ისე – სასამართლოების ლიდერები – ის პირები, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციები „მოსამართლეთა კლანის” წევრებად მოიხსენიებენ.