„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე ამბობს, რომ სასამართლომ დღეს უარი თქვა მართლმსაჯულების განხორციელებაზე. თბილისის სააპელაციო სასამართლომ თითქმის 24-საათიანი განხილვის შედეგად, არ დააკმაყოფილა საიას მოთხოვნა, ხმის ფარულობის მასობრივად დარღვევის ფაქტის გამო, ბათილად ეცნო აღმოსავლეთ საქართველოს ყველა, 1293 ტექნოლოგიური უბანი.
„დაკმაყოფილდა ცესკოს საჩივარი, ამით გაუქმდა თეთრიწყაროს უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ამ საქმეზე, ეს პრინციპში ჩვენთვის საერთოდ არ იყო მოულოდნელი, ჩვენ ამ გადაწყვეტილებას ველოდით, განსაკუთრებით მას მერე, როდესაც დავინახეთ, რომ სასამართლო ცდილობდა ყველა საქმე ერთად გაეერთიანებინა და არ ყოფილიყო რაიმე განსხვავებული აზრი ამ საქმეში. ეს იგრძნობოდა გუშინ, ეს იგრძნობდა იმ განხილვით, იმ სტანდარტით, როგორც სასამართლომ ეს განიხილა. ეს, რა თქმა უნდა, იყო კოორდინაციაში მათ შორის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან, სასამართლო სისტემამ გადაწყვიტა, რომ არ განმეორებულიყო რაიმე განსხვავებული მოსაზრება სასამართლოდან ამ საკითხებთან დაკავშირებით.
ჩვენ ამას ველოდით, თუმცა ეს არ ცვლის იმას, რომ საქართველოს მოქალაქეების ხმის ფარულობის პრინციპი დაირღვა, არჩევნებზე ხმის ფარულობის პრინციპი არ იყო დაცული, ეს იყო ცესკოს პასუხისმგებლობა, რომელიც მან ვერ იტვირთა და ეს არის ფაქტი. მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა, ორმა მილიონმა ადამიანმა, ვინც პირადი გამოცდილებით იცის, რომ მისი ხმა არ იყო ფარული, ის დარწმუნებულია, რომ სასამართლომ დღეს ჩვენი საჩივარი კი არ დააკმაყოფილა, სასამართლომ უბრალოდ უარი თქვა მართლმსაჯულების განხორციელებაზე“, – ამბობს ქურდოვანიძე.
მისივე თქმით, სასამართლოს საერთოდ არანაირი განმარტება არ გაუკეთებია, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება.
„რა უნდა განმარტონ იმაზე, რომ ბიულეტენების უკან არ რჩებოდა კვალი?! რომ ადამიანებს არ შეეძლოთ ფარულად მიეცათ ხმა, ეს არის უბრალოდ ფაქტები, ამას ვერ გაექცევა სასამართლო, მიუხედავად იმისა, რას დაწერენ იმ გადაწყვეტილებაში“, – ამბობს ქურდოვანიძე.
ქურდოვანიძის თქმით, მიუხედავად თბილისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოების უარისა, ამ საქმეს სხვა შედეგები აქვს.
„ყველამ დანამდვილებით იცის, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ ვერ უზრუნველყო არჩევნების იმგვარი ადმინისტრირება, რომ ხმის ფარულობის უფლება დაცული ყოფილიყო.
დაზუსტებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ მომავალი არჩევნები ასეთი ბიულეტენითა და ხმის მიცემის პროცედურით ვეღარ ჩატარდება ამ საქმემ სრულად გამოამჟღავნა სასამართლო სისტემის მანკიერებები.
2 000 000-მა მოქალაქემ დაზუსტებით გაიგო, რომ სასამართლო არ არსებობს. სასამართლომ ამომრჩეველს დააბრალა ის, რომ ხმის ფარულობის უფლება არ იყო დაცული, ამომრჩევლის ბრალია.
ასეთ სასამართლოს ვერ ექნება საზოგადოების ნდობა.
ამ საქმემ ასევე დაგვანახა, რომ სისტემა ვერ იქნება დარწმუნებული, რომ კონტროლის მასშტაბების მიუხეადავად, არ გამოჩნდებიან თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლის მსგავსი მოქალაქეები, რომლებიც გაბედული გადაწყვეტილებებით დაუპირისპირდებიან მას.
ვუსვამთ კითხვას საკუთარ თავს: იყო თუ არა ამ სტრატეგიით დავა გამართლებული? რა მიიღო ამომრჩეველმა ამით? დაუბრუნა ამომრჩეველს საარჩევნო უფლება? რა სამართლებრივი გაგრძელება ექნება ამ საქმეს?
დაზუსტებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ ჩვენ ვიცავდით ამომრჩევლის 90%-ის ინტერესებს, რომლის ხმის ფარულობის უფლება დაირღვა.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ საქმეზე დავა იყო ჩვენი ვალდებულება. ამ ბრძოლას აუცილებლად ექნება სხვა გაგრძელება. აქვე მინდა საიას გუნდს საჯაროდაც ვუთხრა მადლობა. სხვადასხვა ფორმით ამ საქმეში ჩართული იყო საიას ყველა თანამშრომელი“, – თქვა ნონა ქურდოვანიძემ.