ქურდოვანიძე „ვეტინგზე": შესაძლებლობაა, მართლმსაჯულების სისტემა გახდეს უფრო ჯანსაღი

პუბლიკა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე აღნიშნავს, რომ „ვეტინგი”, ანუ მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმება, შესაძლებლობაა მართლმსაჯულების სისტემა გაჯანსაღდეს და მის მიმართ საზოგადოების ნდობა დაბრუნდეს.

„სასამართლოს სჭირდება სიღრმისეული რეფორმა. რეფორმის ის მოდელი, რომელიც აქამდე განხორციელებულა, არ არის საკმარისი და ახლაც ვიმედოვნებთ, რომ პარლამენტი გადადგამს შესაბამის ქმედით ნაბიჯებს იმისთვის, რომ გაჯანსაღდეს მართლმსაჯულების სისტემა, მათ შორის კეთილსინდისიერების შემოწმება არის ერთ-ერთი წამყვანი საკითხი, რომელიც ევროკომისიის რეკომენდაციებშიც ხდება.

კეთილსინდისიერების შემოწმება არის შესაძლებლობა საქართველოსთვის, მართლმსაჯულების სისტემა გახდეს უფრო ჯანსაღი და საზოგადოების ნდობა დაუბრუნდეს ამ ინსტიტუციას”, – განაცხადა მან.

„ვეტინგის” სისტემას ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობა – ირაკლი კობახიძის შეფასებით, ის არა მხოლოდ ფორმალურად ეწინააღმდეგება მოქმედ კონსტიტუციას, არამედ „კონსტიტუციის სულისკვეთებასაც”.

ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში მოყვანილი რეკომენდაციის თანახმად, რომელიც 8 ნოემბერს გამოქვეყნდა, საქართველომ უნდა შეიტანოს ცვლილებები საერთო სასამართლოების შესახებ კანონში, რათა ის სრულად შეესაბამებოდეს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს.

კერძოდ: საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით დანერგოს კეთილსინდისერების შეფასების ექსტრაორდინარული მექანიზმი ყველა იმ კანდიდატისთვის, რომლებიც სასამართლო სისტემის, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, უზენაესი სასამართლოს და სხვა სასამართლოების მაღალი თანამდებობის დასაკავებელ კონკურსებში მონაწილეობენ. გარდა ამისა, ჩამოაყალიბოს ქონებრივი დეკლარაციების მუდმივი და პერიოდული სისტემა, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით საზედამხედველო და საკონსულტაციო ფუნქციაში.

იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციით, ე.წ ვეტინგს, ანუ კეთილსინდისიერების შესამოწმებლად მოსამართლეთა კორპუსის ხელახლა შეფასებას მიმართეს, არიან: უკრაინა, მოლდოვა და ალბანეთი.