ქურდულად შემოპარულ სააკაშვილს კუთვნილი ადგილი დიდი ხნით მივუჩინეთ ციხეში - ღარიბაშვილი

პუბლიკა

„ქურდულად შემოპარულ მიხეილ სააკაშვილს კუთვნილი ადგილი დიდი ხნით მივუჩინეთ ციხეში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ შემაჯამებელ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ აღვადგინეთ სამართლიანობა, დავაკავეთ მჩაგვრელი და მოძალადე რეჟიმის მთავარი შემოქმედები, ახალაია,  მერაბიშვილი, უგულავა, ციხის ჯალათები, მწამებლები და მკვლელები. სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი ჯალათი, მეგის ქარდავა, რამდენიმე კვირის წინ ჩამოვიყვანეთ უკრაინიდან საქართველოში. 1 ოქტომბერს კი თავად ამ სისხლიანი და მოძალადე რეჟიმის მთავარ შემოქმედს, საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის მთქმელ, ქვეყნის მოღალატე და ხალხის მჩაგვრელ, საქართველოდან გაქცეულ და ახლახანს ლაჩრულად, ქურდულად შემოპარულ მიხეილ სააკაშვილს კუთვნილი ადგილი დიდი ხნით მივუჩინეთ ციხეში.

ადრე თუ გვიან, სამართალი ყველასთან მივა და ჩვენ არავის ვაპატიებთ ჩვენი ხალხის ჩაგვრას, არავის ვაპატიებთ ჩვენი ტერიტორიების დაკარგვას, არავის ვაპატიებთ ჩვენი მიწის გაყიდვას, არავის ვაპატიებთ ჩვენი პატრიარქის, სასულიერო პირებისა და ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტის, მართლმადიდებლური ეკლესიის ლანძღვასა და შეურაცხყოფას“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.