შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი 2 პირი: ერთ-ერთი ქართველი „კანონიერი ქურდის” ძმა, კრიმინალური ავტორიტეტი, 1992 წელს დაბადებული ლ.ბ. და ასევე, კრიმინალური ავტორიტეტი, 1994 წელს დაბადებული კ.კ. თბილისში დააკავეს. მათ ბრალი „ქურდული სამყაროს” წევრობაში, ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ.
„გამოძიებით დადგინდა, რომ კრიმინალური ავტორიტეტები და „ქურდული სამყაროს” წევრები – ლ.ბ. და კ.კ. „კანონიერი ქურდების” მითითებებს ასრულებდნენ. მათ შორის, ფიზიკური ანგარიშსწორებით, მუქარითა და „ქურდული გარჩევის” გზით, „კანონიერი ქურდების” დავალებით, მოქალაქეებსა და მეწარმეებს თანხებს სძალავდნენ და ე.წ. ქურდულ საერთოს ავსებდნენ. პოლიციამ ლ.ბ.-ის დროებითი საცხოვრებელი ბინიდან ნივთმტკიცებად ამოიღო „მაკაროვის” სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 8 საბრძოლო ვაზნა, კ.კ.-ის პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გამოძიება „ქურდული სამყაროს” წევრობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.