ქუთაისის მერიასთან აქციაზე, სავარაუდოდ, 3 ადამიანი დააკავეს

პუბლიკა

ქუთაისში, მერიის შენობასთან აქტივისტები მივიდნენ. ისინი არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ და ასევე, სურდათ, სტენსილები გაეკრათ, წარწერით – „თავისუფლება მიშას“.

ადგილზე მივიდა პოლიცია. როგორც „მთავარი არხის“ პირდაპირი ეთერიდან ჩანს, ადგილზე პოლიციასა და აქტივისტებს შორის შელაპარაკება მოხდა.როგორც ერთ-ერთი აქტივისტი ამბობდა, პოლიცია მათ წარწერების გაკეთების საშუალებას არ აძლევდა და ბანერი და სტენსილი წაართვა.

ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ გაიყვანა პოლიციამ რამდენიმე ადამიანი ძალის გამოყენებით და როგორ ჩასვა პოლიციის მანქანაში.

„ბოცას მონებო“, „მონებო“ – ისმოდა ადგილიდან აქტივისტების შეძახილები. ადგილზე შეკრებილი ადამიანები ამბობენ, რომ სწორედ ამ შეძახილების გამო დააკავეს აქტვისტები. მათი ინფორმაციით, დაკავებულია 3 ადამიანი.

„პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ელოდება დაზუსტებულ ინფორმაციას.

განახლება: შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია 4 ადამიანი, ადმინისტრაციული წესით.