ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომელი: ხელშეკრულება არ გამიგრძელეს, დამკვირვებელმა ნახა, რომ ხმა „ოცნებას“ არ მივეცი

პუბლიკა

ქუთაისის მერიის ყოფილი თანამშრომელი, გრაფიკოს-დიზაინერი, „ბალდის კანიონის მცველი“, ცოტნე თვარაძე „მთავარ არხთან“ ჰყვება, რომ შრომითი ხელშეკრულება შეუჩერეს. მისი თქმით, არჩევნების დღეს დამკვირვებელმა დაინახა, რომ ხმა „ქართულ ოცნებას“ არ მისცა.

„პუბლიკასთან“ საუბარში თვარაძე ამბობს, რომ ხელშეკრულება პირველი ნოემბრიდან აღარ გაუგრძელეს. ის მთავარ ფაქტორად ბალდის პროტესტს ასახელებს და ამბობს, რომ მერია მის გასაშვებად, სავარაუდოდ, კარ მიზეზს ეძებდა.

„მივიღე დავალება, რომ „ქართული ოცნებისთვის“ რაღაც კონკრეტული საქმე გამეკეთებინა, გრაფიკული დიზაინის კუთხით, რაზეც ვთქვი უარი, რადგან მერიის რესურსს არ უნდა იყენებდეს არცერთი პარტია. ამაზე არაფერი უთქვამთ, უბრალოდ კარგიო და ვსო. უკვე არჩევნებზე როცა მივედი დამკვირვებელმა ჩემი ბიულეტენი, ასე ვთქვათ, კონვერტიდან გამოწია, იმ მიზნით, რომ თითქოს აპარატი ამ კონვერტს არ მიიღებდა, თუ კარგად არ გამოვწევდი, თვითონ მოკიდა ხელი გამოწია და იქამდე გამოჰქონდა, სანამ მარკერის კვალი არ გამოჩნდა და არ მიხვდა, რომ „ქართული ოცნებისთვის“ არ მქონდა ხმა მიცემული. უკვე ამის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ კონტრაქტს აღარ მიგრძელებენ“,  – ამბობს თვარაძე „მთავართან“.