ქუთაისის N2 დაწესებულებაში პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა

პუბლიკა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ქუთაისის N2 დაწესებულებაში მყოფ პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა.

უწყების ცნობით, დაწესებულებაში ინტენსიური PCR-ტესტირებისას კვლევა ჩაუტარეს 883 ბრალდებულ/მსჯავრდებულს და მათგან მხოლოდ ერთი აღმოჩნდა დადებითი.

„ინფიცირებული პირი სამოქალაქო სექტორის სპეციალიზებულ კლინიკაშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა სტაბილურია და იგი მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. მასთან კონტაქტში მყოფი ოთხივე თანამესაკნე დაწესებულების საკარანტინო სივრცეში არის იზოლაციაში მოთავსებული და მათ ორ კვირაში განმეორებით ჩაუტარდებათ PCR-ტესტირება.

რაც შეეხება დაწესებულების თანამშრომლებს, შეგახსენებთ, რომ სამუშაო ადგილზე ისინი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (პირბადე, ბახილები, ხელთათმანები და ა.შ.) არიან აღჭურვილები და კვირაში ერთხელ გადიან PCR ტესტირებას, ხოლო შუალედში ყოველ 72 საათში ერთხელ სწრაფი ანტიგენის ტესტით მოწმდებიან. ამასთან, დაწესებულების თანამშრომლები ყაზარმულ რეჟიმში დაწესებულებაში შესვლამდეც გადიან PCR-ტესტირებას”, – წერია განცხადებაში.