ქუთაისის რაიონულმა სასამართლომ ჭიათურაში დაკავებული მაღაროელები კვლავ პატიმრობაში დატოვა

პუბლიკა
content image

ქუთაისის რაიონულმა სასამართლომ ჭიათურაში დაკავებული მაღაროელები – მერაბ სარალიძე, არჩილ ჭუმბურიძე, გიორგი ნეფარიძე და თენგიზ გველესიანი კვლავ პატიმრობაში დატოვა. წინასასამართლო სხდომა გუშინ, 17 ივლისს გაიმართა.

საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა – შემდეგი პროცესი 23 ივლისს ჩაინიშნა.

ბრალდებულების უფლებებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავს. ადვოკატი მარიამ პატარიძე „პუბლიკასთან“ საუბარში ამბობს, რომ სასამართლომ მხარეთა მიერ მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი განიხილა და როგორც დაცვის, ისე ბრალდების მხარის მტკიცებულებები დასაშვებად ცნო.

ადვოკატის განცხადებით, სხდომაზე გადაისინჯა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხიც. დაცვის მხარე კვლავ ითხოვდა აღკვეთის ღონისძიებად გირაოს გამოყენებას 5000 ლარის ოდენობით, თუმცა მოსამართლემ გარემოებები არ გაითვალისწინა და ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.

„რაც შეეხება პატიმრობის გადასინჯვას, ჩვენ კვლავ ვითხოვდით აღკვეთის ღონისძიების შეცვლას და გირაოს გამოყენებას 5000 ლარის ოდენობით, რადგან მიგვაჩნია, რომ გირაოსაც ამ შემთხვევაში ექნება შემაკავებელი ფუნქცია. წინა პროცესებიდან გამომდინარე, სასამართლო პატიმრობის გამოყენების საფუძვლად ერთადერთ საფრთხეს უთითებდა  – ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

ჩვენ მოსამართლეს მოვუწოდებდით, რომ ერთიანი კონტექსტის გათვალისწინებით მიეღო გადაწყვეტილება და რაც მთავარია, ამ ადამიანების ინდივიდუალური მახასიათებლების გათვალისწინებით, რომ არცერთი მათგანი ნასამართლები არ არის და არც მიდრეკილია რაიმე დანაშაულებრივი ქმედებისკენ, ერთ-ერთი მათგანი შიმშილობს კიდეც უკვე 30-ე დღეა, თუმცა მოსამართლემ ეს ყველაფერი არ გაითვალისწინა და კვლავ ამ აბსტრაქტული, დანაშაულის ხელახლა ჩადენის საფრთხეზე მითითებით ოთხივე ბრალდებული დატოვა პატიმრობაში“, – ამბობს ადვოკატი.

როგორც მარიამ პატარიძე „პუბლიკასთან“ განმარტავს, საქმეში მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები დევს, ხოლო უშუალოდ ინციდენტის დროს ჩაწერილი ვიდეო მტკიცებულება არ არსებობს.

„მტკიცებულებები, ძირითადად, არის დაზარალებულის და მასთან თანმხლები პირების ჩვენებები, გარდა ამისა, ვიდეომტკიცებულებაზე აქვთ ჩატარებული ექსპერტიზა, თუმცა ეს ვიდეოჩანაწერი არ ასახავს უშუალოდ ძალადობრივ ინციდენტს, მეორე დღეს ჩაწერილი ვიდეოა, მაღაროელების გვერდზე გამოქვეყნებული. ინციდენტის დროს ჩაწერილი ვიდეო არ არსებობს.

შესაბამისად, ბრალდება მთლიანად ეფუძნება მოწმეთა ჩვენებებს. ის ვიდეო კი, არ წარმოადგენს რელევანტურ მტკიცებულებას იმისთვის, რომ ბრალი ამტკიცონ“, – ამბობს პატარიძე.

რაც შეეხება ციხეში მოშიმშილე მერაბ სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ადვოკატი ამბობს, რომ ის „საკმაოდ დასუსტებულია“ და მიუხედავად თხოვნისა, კვლავ აგრძელებს შიმშილობას. 

„გუშინ, პროცესის შემდეგ შევხვდით მას და ვთხოვდით შიმშილობის შეწყვეტას, თუმცა მან აირჩია პროტესტის უკიდურესი ფორმა იმიტომ, რომ უბრალოდ სხვა გზას ვერ ხედავს ამ უსამართლობის წინააღმდეგ. შესაბამისად, ის საპატიმროში აგრძელებს შიმშილობას“, – ამბობს მარიამ პატარიძე.

ჭიათურაში, პროტესტში ჩართული მაღაროელები უკვე 30-ე დღეა, შიმშილობენ. მათი მთავარი მოთხოვნა დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლებაა.


2025 წლის 1 მაისს ჭიათურის პროტესტის მონაწილე მაღაროელებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა იმ საფუძვლით, რომ სახეზე იყო ბრალდებულების მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე.

12 ივნისს სასამართლომ პატიმრობა კვლავ ძალაში დატოვა, მიუხედავად დაცვის მხარის შუამდგომლობისა, რომ გირაოს გამოყენება სრულად უზრუნველყოფდა ბრალდებულთა მხრიდან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის პრევენციას.

საქმე ეხება 2025 წლის 28 აპრილს, ჭიათურის პროტესტის მონაწილეებსა და შუქრუთის მაღაროს დირექტორს შორის მომხდარ ინციდენტს, რის შემდეგაც პროტესტის ოთხი მონაწილე დააკავეს.

გამოძიების მტკიცებით, ბრალდებულები შუქრუთის მაღაროს დირექტორს, თენგიზ კობერიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი სისხლის სამართლის წესით 29 აპრილს დააკავა.

საქმეზე გამოძიება თავდაპირველად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო, თუმცა 2025 წლის 30 აპრილს მათ ბრალი დაუმძიმდათ.

მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას, ხოლო აჩიკო ჭუმბურიძეს და თენგო გველესიანს მხოლოდ მონაწილეობას ედავებიან.

ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ან ხელმძღვანელობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6-დან 9 წლამდე. ხოლო მასში მონაწილეობა – თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 6 წლამდე.