ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორად გიორგი ხუბუა დაინიშნა

პუბლიკა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) რექტორად გიორგი ხუბუა დაინიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მასთან შეხვედრა გამართა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა.

„შეხვედრისას საუბარი შეეხო გეგმებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ახალი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების მიმართულებით. პრემიერმა უნივერსიტეტის ახალ რექტორს წარმატებები უსურვა და მთავრობის სახელით მხარდაჭერა აღუთქვა”, – აცხადებენ ადმინისტრაციაში.

იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი ხუბუა სხვადასხვა პერიოდში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორი და მეცნიერ-თანამშრომელი.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დამფუძნებელია პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.