ქუთაისის სკოლაში მოსწავლეზე შესაძლო ძალადობის ფაქტს სკოლის დისციპლინური საბჭო იკვლევს

პუბლიკა

ქუთაისის მეექვსე საჯარო სკოლის დისციპლინური საბჭო იკვლევს ისტორიის მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეზე შესაძლო ძალადობის ფაქტს.

საქმე ეხება 5 აპრილს სოციალურ ქსელში მშობლის მიერ გავრცელებულ ვიდეოს.  5- წამიან ვიდეოში ჩანს საკლასო ოთახი და მასწავლებელი ზურგით, რომელიც მერხთან მჯდომი მოსწავლისკენაა დახრილი. კადრში ჩანს ფიზიკური შეხება, ბავშვს თავი ხელებით აქვს დაფარული და ისმის მასწავლებლის სიტყვები : „მაიმუნო შენ!“.

„ჩემი შვილი შენი შვილი მთელი სკოლა ხედავს ამ ძალადობას და ხმა ამოიღეთ მშობლებო!.. არ გაუშვათ ბავშვები სკოლაში გამოაცხადეთ ბოიკოტი, სანამ არ შეიცვლება ეს სიტყვით აუღწერელი უზრდელობა და ბოროტება!”, – წერს მშობელი ნინო კვიჟინაძე.

„პუბლიკა“ დაუკავშირდა ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელ მაია ცქიტიშვილის.

მისი ინფორმაციით, მომხდარის შესახებ მშობელს განცხადებით არ მიუმართავს არც სკოლისთვის და არც რესურსცენტრისთვის. ამბობს, რომ ვიდეოს გავრცელების შემდგომ სკოლაში მომხდართან დაკავშირებით დისციპლინურმა საბჭომ მოკვლევა უკვე დაიწყო. გამოკითხავენ როგორც მშობელს, ასევე მასწავლებლებს და ბავშვებს. თუკი დადასტურდება ძალადობის ფაქტი, დისციპლინურ საბჭოს ექნება შესაბამისი რეაგირება. თუკი დამატებით მშობელი ან მასწავლებელი მიმართავს რესურსცენტრს, ამ შემთხვევაში მათი შიდა მოკვლევის აუდიტიც ჩაერთვება პროცესში.