ქუთაისისა და გლდანის პენიტენციურ დაწესებულებებში 7 პატიმარს COVID-19 დაუდასტურდა

პუბლიკა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, PCR ტესტირების შედეგად N8 (გლდანის) პენიტენციურ დაწესებულებაში 3 პატიმარს, ხოლო ქუთაისში – 4 პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა.

„[N8 დაწესებულებაში] ინფიცირებული პირებიდან ორი ერთ საკანში მყოფი პატიმარი იყო, ხოლო ერთი – სხვა საკანში იმყოფებოდა. სამივე ინფიცირებული პირი სამოქალაქო სექტორის კლინიკაშია გადაყვანილი. ისინი არიან ე.წ. უსიმპტომო პაციენტები და სამოქალაქო სექტორის კლინიკაში მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. ხოლო მათი თანამესაკნეები დაწესებულების საკარანტინო სივრცეში, იზოლაციაში არიან მოთავსებულები. ისინი ყოველ 72 საათში სწრაფი ანტიგენის ტესტით შემოწმდებიან, ხოლო ორ კვირაში კვლავ გაივლიან PCR ტესტირებას“, – აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახური.

უწყების ინფორმაციით, 22 იანვარს covid-19 ასევე დაუდასტურდა N2 (ქუთაისის) პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ოთხ პატიმარს, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა 12 იანვარს კოვიდდადასტურებულ პირთან და რომლებიც როგორც ინფიცირებული პირის კონტაქტები 12 იანვრიდან იზოლაციაში იმყოფებიან დაწესებულების საკარანტინო სივრცეში.

„ისინი არიან ე.წ. უსიმპტომო პაციენტები, მათი მდგომარეობა სტაბილურია და იმყოფებიან მედპერსონალის განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ. კერძოდ, ინფიცირებულ პირთან კონტაქტში მყოფ პირებს, რომლებიც იზოლაციაში იმყოფებიან, ყოველდღიური თერმოსკრინინგი, სატურაციის კონტროლი და სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული შესაბამისი მონიტორინგი უტარდებათ“, – აცხადებს უწყება.

მათივე განცხადებით, სიცრუეა, რომ N2 დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულ ბ.ე.- ს covid-19 დაუდასტურდა.