ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ლარინა ლალიაშვილის ინფორმაციით, ქუთაისში ხმა 69 871-მა ამომრჩეველმა მისცა. მათგან ხატია დეკანოიძეს 32 703 ხმა აქვს, იოსებ ხახალეიშვილს კი – 34 925.
ცესკოს ინფორმაციით, საოლქო საარჩევნო კომისიაში 16 საჩივარი შევიდა, რომელთაგან დიდი ნაწილი პროცედურულ გადაცდომებზეა დაწერილი. ქუთაისში ბათილი ბიულეტენების ჯამმა 2396 შეადგინა.
„მეორე ტური დასრულდა, ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი 124-ვე უბნის წინასწარი მონაცემები დათვლილია. ქუთაისში მოვიდა 69 871 ამომრჩეველი, რომელთაგან 48.3%-მა დაუჭირა მხარი ხატია დეკანოიძეს და 51.6%-მა – იოსებ ხახალეიშვილს.
გუშინ საოლქო საარჩევნო კომისიაში შემოვიდა 16 საჩივარი, აქედან დიდი ნაწილი დაწერილია პროცედურულ გადაცდომებზე. ჩვენთან შემოსული არცერთი საჩივარი არ იძლევა საფუძველს ვიფიქროთ, რომ რაიმე ტიპის გავლენას მოახდენს შედეგებზე“, – განაცხადა მან.
ქუთაისში, სადაც თვითმმართველობის არჩევნების II ტური ტარდებოდა, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, დათვლილია უბნების 100%.
ქუთაისი:
- ხატია დეკანოიძე – 48.357%
- იოსებ ხახალეიშვილი – 51.643%
ამ მონაცემებით, ხახალეიშვილი დეკანოიძეს 2 222 ხმით უგებს.
დღის ბოლოს, ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ბრიფინგზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა ბათილად ცნობილი ბიულეტენების თაობაზე. კერძოდ, რამდენიმე დიდ ქალაქში ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა აღემატება არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შორის მიღებული ხმების სხვაობას.
კალანდარიშვილი განმარტავს, რომ მეორე ტურის ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებლები დაბალია და დიდად არ განსხვავდება ყველა სხვა არჩევნებზე ბათილი ბიულეტენების საშუალო მაჩვენებლისგან.