ოპოზიციის ქუთაისის მერობის კანდიდატმა პარტიის ოფისში ბრიფინგი გამართა ქუთაისის ერთ-ერთი უბნის საარჩევნო კომისიის წევრთან ერთად, რომელიც ამბობს, რომ „ოცნების“ წარმომადგენელი კოორდინატორი არჩევნების დღეს მას ურეკავდა და გაყალბებაში მონაწილეობას აიძულებდა. ქუთაისში 90-ე უბანი ხატია დეკანოიძემ 67 ხმით მოიგო.
„მაძალებდა ქალბატონი ინგა, წარმომადგენელია „ოცნების“. დამირეკა, რომ ვინც შემოვა, გაატარეო. არც ერთი არ გავატარე, ორი შემთხვევა იყო ასეთი – სხვა ადამიანი სხვა პირადობით შემოდიოდა და გავუშვი ყველა უკან. ყველაფერი წესის მიხედვით გავაკეთე. არაფერი დამიშავებია“. – განაცხადა 90-ე უბნის კომისიის წევრმა, იზა ჩირგაძემ, რომელიც „ოცნების“ წარმომადგენლებს ასევე ძალადობაში, შანტაჟსა და იძულებაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, არჩევნების მეორე დღეს ის დაუკავშირდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს და სთხოვა, დახმარებოდა ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრაში. როგორც ის განმარტავს, სურდა, გაყალბების ამ სქემის შესახებ მოეყოლა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისთვის.
ამ ზარის შემდეგ მას დაურეკეს და უთხრეს, რომ „ჩვენ გიყიდით, რამე თუ გინდაო“. ის ამბობს, რომ იყო მუქარის შემცველი გზავნილებიც.
იზა ჩირგაძის თქმით, ის ენმ-ის წარმომადგენელს დღეს ქუთაისში „მაკდონალდსის“ წინ შეხვედრაზე შეუთანხმდა. ამ დროს დაუკავშირდნენ „ოცნების“ წარმომადგენლები ტელეფონზე და უთხრეს, რომ ასევე ელოდებოდნენ „მაკდონალდთან“ და „ოცნების“ ოფისში გაყოლას სთხოვდნენ.
გზის ასაბნევად ის სავაჭრო ცენტრის შენობაში შევიდა და იქ შეხვდა ენმ-ის წევრს, რა დროსაც მასთან მივიდნენ, მისი თქმით, „ოცნების“ წარმომადგენლები და ძალით წაყვანას ცდილობდნენ.
ბრიფინგზე ხატია დეკანოიძესთან ერთად იმყოფებოდა ენმ-ის წარმომადგენელი, რომლის თქმითაც, იზა ჩირგაძესთან შეხვედრის დროს მასთან მიიჭრნენ „ოცნების“ წარმომადგენელები და იზა ჩირგაძის ძალით წაყვანა სცადეს.
„შევხვდი „გრანდ მოლში“. დაიმალა სავაჭრო ცენტრის შენობაში. შევედი იქ და როცა იზა დავინახე, ამ დროს დავინახე „ოცნების“ წარმომადგენელები, რომლებიც ვიცანი, რადგან იმ დღეს 90-ე უბანზე იყვნენ დამკვირვებლებად. რომ დამინახეს, გაექანნენ იზასკენ და ძალით გატაცება სცადეს. ჩვენ მოვახერხეთ, რომ კუთვნილ მანქანამდე მიგვეყანა და წამოგვეყვანა ოფისში.“ – განაცხადა ენმ-ის წარმომადგენელმა ბრიფინგზე.
ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ მომხდარის გამო პროკურატურას მიმართავს.