ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტებმა აქცია გამართეს

პუბლიკა

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში სტუდენტებმა აქცია გამართეს. მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს ბათუმელ სტუდენტებს, რომლებმაც გუშინ ღამე ბსუ-ში გაათენეს. ახალგაზრდების თქმით, აპროტესტებენ „მოპარულ, გაყალბებულ არჩევნებს, რომლებიც მიგვათრევს რუსეთისკენ“.

„ვაპროტესტებ გაყალბებულ არჩევნებს, მოპარულ ხმებს, წართმეულ თავისუფლებას და ვაპროტესტებ მონობას. თანადგომას ვუცხადებ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებმაც მთელი ღამე სიცივეში და სიბნელეში გაატარეს და მოვუწოდებ წერეთლის უნივერსიტეტს – გამოდით გარეთ“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე „მთავარ არხთან“.

ბათუმელ სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადეს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტურმა მოძრაობებმა. ილიაუნის სტუდენტების განცხადებით, ბსუ-ის სტუდენტებისადმი სოლიდარობის ნიშნად, დღეს უნივერსიტეტის A კორპუსში ღამეს გაათენებენ. ახალგაზრდული სამოქალაქო მოძრაობები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. ისინი 17:00 საათზე უერთდებიან ჯგუფ „დაიტოვეს” საპროტესტო მსვლელობას.

ფოტო: imereti press