ქუთაისში ბანკზე თავდასხმისთვის დაკავებულ გრიგოლ ნარსიას 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

პუბლიკა

ქუთაისში „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის დაკავებულ გრიგოლ ნარსიას ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

შსს-ს ცნობით, 2022 წლის 20 სექტემბერს სამხედრო უნიფორმით, ნიღბით და ხელთათმანებით შემოსილი პირი შეიარაღებული ხელყუმბარით, კუსტარულად გადაკეთებული ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო ვაზნებით, დანით, ხელნაკეთი იმიტირებული ასაფეთქებელი მოწყობილობით ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ სერვისცენტრში შეიჭრა, 13 პირი მძევლად აიყვანა და მოითხოვა თავდაპირველად 2 მილიონი აშშ დოლარი, მოგვიანებით კი 1.5 მილიონი აშშ დოლარი.

შსს-მ მოგვიანებით ბრალდებულის სახით გრიგოლ ნარსია დააკავა და ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარების, ტერორისტული აქტის და ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების მუხლებით  წარუდგინა.