ქუთაისში ცისტერნიდან ბუნებრივი აირის გამოდინება დროულად შევაჩერეთ - საგანგებო

პუბლიკა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ქუთაისში, მეხანძრე მაშველებმა ბუნებრივი აირით დატვირთული მანქანის აალების საფრთხე დროულად აღკვეთეს.

„112“-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ ქუთაისში, სიმონ გუნავას ქუჩაზე, სატვირთო ავტომობილზე განთავსებული ცისტერნიდან ჟონავდა დიდი რაოდენობით ბუნებრივი აირი და საჭირო იყო მეხანძრე-მაშველების დახმარება.

შეტყობინების მიღებიდან უმოკლეს დროში მისამართზე გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხოების მიზნით, მოქალაქეებს დაატოვებინეს მიმდებარე ტერიტორია. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიციამ ტერიტორია უსაფრთხოების ლენტით შემოსაზღვრა და შესაბამისმა ძალებმა დაიწყეს მუშაობა.

მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ცისტერნიდან ბუნებრივი აირის გამოდინება დროულად იქნა შეჩერებული და აალების საფრთხე აღკვეთილი. ამ დროისთვის პრობლემა უკვე სრულად არის აღმოფხვრილი, “- ამბობენ სამსახურში.

მათივე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მუშაობდა 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.