ქუთაისში დაკავებული მასწავლებელი, მიშიკო მუმლაძე თავისუფალია

პუბლიკა

საბავშვო ლიტერატურული კლუბის დამფუძნებელი, მასწავლებელი მიშიკო მუმლაძე, რომელიც დღეს, 22 აპრილს ქუთაისში დააკავეს, თავისუფალია.

ცოლის, სოფა საკანდელიძის თქმით, მუმლაძე სახლში ბრუნდებოდა, „რა დროსაც რამდენიმე პოლიციელმა ჩაისვა მანქანაში იმ პირობით, რომ მას მანქანამდე მიაცილებდნენ, მაგრამ ეს მიცილება აღმოჩნდა დაკავება სრულიად უმიზეზოდ”.

მოგვიანებით, დაკავებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა თავად მიშიკო მუმლაძეც.

„მადლობა მეგობრებო და ბოდიში რომ ვანერვიულე ბევრი ადამიანი. დაკავებას რაც შეეხება, არ ვიცი რა ვთქვა, ვიდექი თურმე მოედანზე და უმისამართოდ ვიგინებოდი. სინამდვილეში, მას შემდეგ რაც მითხრეს რომ არ შემიშვებდნენ, წამოვედი მანქანისკენ და გზაში მთხოვეს ჩვენ წაგიყვანთ მანქანამდეო და თურმე მაკავებდნენ. იმედი მაქვს სასამართლოზე წარადგენენ დაკავების ვიდეოს და პირობას გაძლევთ ვერ გაარჩევთ იმ ვიდეოებისგან კრემლისწინ წითელ მოედანზე რომ ხდება”, – წერს ის.

საბავშვო ლიტერატურული კლუბის დამფუძნებელი, მასწავლებელი მიშიკო მუმლაძე დღეს, 22 აპრილს ქუთაისში, წვრილმანი ხულიგნობის საბაბით დააკავეს.

ოჯახის წევრები მას 4 საათის განმავლობაში ეძებდნენ.

დაკავებამდე მიშიკო მუმლაძემ ფეისბუქზე დაწერა, რომ ქუთაისში, მესხიშვილის თეატრში მივიდა, სადაც ჰომოფობიური კანონის დასამტკიცებლად საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა იმართებოდა.

„ქართულ ოცნებას აქვს საყოველთაო-სახალხო შეხვედრა ხალხთან მესხიშვილის თეატრში და არ მიშვებენ შიგნით. არადა, არასრულწლოვანებს და ოჯახის ღირებულებებს ეხება. ოჯახიც მყავს და 300 მოსწავლე კიდე.

მამუკა მდინარაძე, უთხარი შემომიშვან“, – დაწერა მან, რის შემდეგაც მისი ადგილსამყოფელი 4 საათის განმავლობაში ოჯახისთვის უცნობი იყო.