შსს-ს ცნობით, ქუთაისში „ლიბერთი ბანკის” ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია 1 პირი.
მას ბრალად ყაჩაღობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება ედება.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 29 იანვარს, ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე “ლიბერთი ბანკის” ფილიალის შენობაში შეიჭრა, პისტოლეტის მუქარით მოლარე-ოპერატორებს ფული მოსთხოვა, თუმცა თანხის წაღება ვერ მოახერხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა თავდამსხმელი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო“,- ნათქვამია განცხადებაში.
ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.