ქუთაისში მშობიარობის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირებული ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

პუბლიკა

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ მშობიარობის შემდეგ კორონავირუსით ინფიცირებული 24 წლის ქალი გარდაიცვალა.

როგორც კლინიკის წარმომადგენელმა, მამია ყიფიანმა, მედიასთან განაცხადა, ქალი ბათუმის სამშობიარო სახლიდან 20 აგვისტოს გადმოიყვანეს. ის 36 კვირის ორსული იყო. ჰქონდა ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა. ყიფიანის თქმით, მისი ფილტვის დაზიანების ინდექსი 17 ქულა იყო.

„გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ჩატარდა საკეისრო კვეთა. ახალშობილი მოთავსდა ინტენსიური თერაპიის პოსტზე. მისი ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელი იყო.

მელოგინე გადაყვანილ იქნა რეანიმაციულ-ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. სიპაპ მხარდაჭერით გადიოდა რამდენიმე დღე მკურნალობას, მდგომარეობის გაუარესების შემდეგ გუშინ გარდაიცვალა. გოგონა აცრილი არ იყო, რა თქმა უნდა“, – განაცხადა მამია ყიფიანმა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა დღიური მაჩვენებლის ანტირეკორდი დაფიქსირდა, გარდაიცვალა 79 პაციენტი. გამოვლინდა 4 128 ახალი შემთხვევა.