ქუთაისში აქციის მონაწილე პოლიციამ ძალის გამოყენებით დააკავა. მოქალაქეები ქართული ოცნების ოფისთან შეიკრიბნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. აქტივისტებმა გზის გადასაკეტად ზებრა გადასასვლელი გამოიყენეს და პოლიციას უთხრეს, რომ მათ უფლება ჰქონდათ ზებრაზე გადასულიყვნენ.
„რა დღეში არიან ხედავთ ალბათ. წინააღმდეგობა. ზებრაზე სიარული შეგვიძლია, გადავალთ, გადმოვალთ, არაფერს არ ვაშავებთ მე მგონი, ამდენი ადამიანი შევეცდებით გადავიდეთ“, – ამბობდა მიშა მუმლაძე, რომელიც პოლიციამ დააკავა.
დაკავების დროს დაიწყო პოლიციასა და მოქალაქეებს შორის შეხლა-შემოხლა, მუმლაძე პოლიციამ ძირს ათრია და ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში. სამართალდამცავმა „ფორმულას“ ეთერში თქვა, რომ დაკავებული არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას, უსტვენდა და შეურაცხყოფა მიაყენა სამართალდამცავს.
28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ „ქართული ოცნება” გაწევრების შესახებ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს. მისი თქმით, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და ასევე 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ მოქალაქეებმა პარლამენტთან შეკრება დაიწყეს. მოქალაქეების ნაწილი მიდის „ქართული ოცნების“ ოფისთანაც. „ფედერალისტების” ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მოქალაქეებს 20:00 საათზე პირველ სკოლასთან შეკრებისკენ მოუწოდა. პროტესტის ნიშნად მოქალაქეები შეიკრიბნენ ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში.