„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიგი უგულავას განცხადებით, ქუთაისში „ქართული ოცნება“ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის „განეიტრალებას“ ცდილობს. ამის შესახებ უგულავამ ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც ქუთაისში, „ტორპედოს“ სტადიონის მთავარ შესასვლელთან გაიმართა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ინფორმაციით, რამაზ შენგელიას სახელობის „ტორპედოს“ სტადიონის ადმინისტრაციულ შენობაში, „ქართული ოცნების“ ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე და ქუთაისის საკრებულის თავმჯდომარის მოადგილე, გია ბასილაძე და საკრებულოს წევრი გია მახარაძე საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს შეხვდნენ და სწორედ ამ შეხვედრაზე იყო საუბარი სხვადაასხვა მეთოდით ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის „განეიტრალებაზე“.
„7 ოქტომბერს, საღამოს 6 საათზე, ამ სტადიონის ვიპ დარბაზის უკან მყოფ დარბაზში იყო შეკრება, რომელიც ორგანიზებული იყო „ქართული ოცნების“ მიერ და ესწრებოდა 200-250 ძირითადად სიპების და აიპების წარმომადგენლები. ამ შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ ბატონი გია ბასილაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და „ქართული ოცნების“ ქუთაისის თავმჯდომარე, საკრებულოს წევრი გია მახარაძე, როგორც წესი ის ცნობილია მოზონდერო ჯგუფების კოორდინატორად.
შეკრებას ასევე თბილისიდან ესწრებოდნენ პარტიის ცენტრალური ოფისიდან კაკულია და ძირითადად საუბარი იყო იმაზე, რომ იდენტიფიცირებული ოპოზიციური ამომრჩევლების და, ძირითადად, უფრო ხანში შესული ამომრჩევლების, რომლებიც ინერტულობით გამოირჩევიან, მათი განეიტრალება ნებისმიერი მეთოდით, შესაბამისი უბნების ავტორიტეტებით, იქნება ეს კრიმინალური თუ ნებისმიერი ტიპის ავტორიტეტის მიგზავნა და ყველა მეთოდით იქნება დაშინება, მოსყიდვა თუ ა.შ. პირადობის მოწმობის ჩამორთმევა 25 ოქტომბერს და შემდეგ უკვე 27-ში ამ პირადობის მოწმობების დაბრუნება.
მინდა შევახსენო ყველა საჯარო მოხელეს და ასევე ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი, რომ ჩვენ ეს ინფორმაცია არ გვაქვს მესამე პირებისგან, ჩვენ ეს ინფორმაცია გვაქვს უშუალოდ ამ შეკრებაში მონაწილე ადამიანისაგან, ჩვენ ამ ადამიანის ვინაობას ინკოგნიტოდ ვტოვებთ, მაგრამ ეს ადამიანი უკვე შეხვდა საერთაშორისო დამკვირვებლებს და მათ ამ შეხვედრის შესახებ სრული ინფორმაცია გადაეცათ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.
უგულავას თქმით, ეს ყველაფერი კანონით ისჯება და „ეს ადამიანები დაისჯებიან კანონის სიმკაცრით“ ისევე, როგორ, „კანონით დაისჯება ნებისმიერი, ვინც ჩამოართმევს პირადობის მოწმობას ადამიანს უკანონოდ და ხელს შეუშლის არჩევნებში მონაწილეობას“.