ქუთაისში ოპოზიციონერ დეპუტატს, ელეონორა არჩაიას, რომელიც ქუთაისის საკრებულოში გახარიას პარტიიდან არის წარმოდგენილი, მანქანა დაუზიანეს. ამის შესახებ მან „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ის იმყოფებოდა ეკლესიაში, უკან დაბრუნებულს კი მანქანის მინა ჩამსხვრეული დახვდა.
„ეკლესიიდან გამოვედი და დამხვდა ეს სიტუაცია. ჩამსხვრეულია მინა. ჩანთა და ტელეფონი წაღებული არ არის. მე გახარაის გუნდის წევრი ვარ, პარტიიდან „საქართველოსთვის“. საკრებულოს წევრი ვარ. ეს შემთხვევით ვერ მოხდებოდა, მიზანმიმართულად არის გაკეთებული“, – განაცხადა ელეონორა არჩაიამ.
„პუბლიკა“ დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეკითხვით, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია თუ არა გამოძიება. უწყების პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.