ქუთაისში საპროტეტსო აქციაზე ძმები წულუკიძეების და კიდევ 4 დაკავებულის გათავისუფლებას მოითხოვენ

პუბლიკა

ამ წუთებში ქუთაისში საპროტეტსო აქცია მიმდინარეობს, სადაც  15 აპრილს დაკავებული ძმები წულუკიძეების და კიდევ 4 დაკავებულის გათავისუფლებას მოითხოვენ.

თავდაპირველად აქციის მონაწილეები იმერეთის სამხარეო პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ, ახლა კი მსვლელობით საქალაქო სასამართლოსკენ მიემართებიან.

ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მცირე შეხლა-შემოხლა იყო.

„ესენი არ არიან სამართალდამცველები. კანონს არღვევენ, სპეციალურად აკეთებენ, რომ პროვოკაციაზე წამოგვაგონ. გადაგვთელეს… ავტომობილების შეჩერება ვცადეთ, გადავკეტეთ გზა. მივმართავ ბატონ ავთანდილს, მე რეზო წულუკიძის ცოლი მთელი ჩემი ძმების სახელით, თუ არ დაამტკიცეს, რომ ამ ბიჭებმა კასტეტები და ქვები ისროლეს, მე, რეზო წულუკიძის ცოლი სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებ“, – განაცხადა ერთ-ერთი დაკავებულის მეუღლემ

„ამ ბიჭების მხარდასაჭერად ჩამოვედით, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში თავისუფალი აზრის გამო აღარ უნდა იდევნებოდნენ მოქალაქეები. ამ ბიჭების დაკავების ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ ისინი პოლიტიკურ წინააღმდეგობაში არიან  – ივანიშვილთან და რიჟვაძესთან, რომელიც არის მხდალი და ასე გადაუხადა სამაგიერო, რადგან საარჩევნოდ მათ რიჟვაძე გამოაგდეს სოფლიდან. მოვუწოდებ სასამართლოს, ნუ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც გააღიზიანებს ამ ადამიანებს და კიდევ რამდენიმე პოლიტიკურ პატიმარს შეჰმატებს ქვეყანას“, – განაცხადა აქციის ერთმა მონაწილემ.

15 მაისს ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს.

დაკავებულებს შორის არიან ფირუზ წულუკიძე და მისი ძმა რევაზ წულუკიძე.

შსს-ს ინფორმაციით დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 12 აპრილს, ქალაქ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.