შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, იმერეთში სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და არასრულწლოვნის იძულების მუხლებით 2 კაცი დააკავეს.
უწყება აცხადებს, რომ ერთ-ერთი მათგანი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით არის დაკავებული, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს, ხოლო მეორე დაკავებულია 150-ე მუხლით, რაც არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ იძულებას გულისხმობს.
„ქუთაისში, სხვადასხვა დროს, 1977 წელს დაბადებული დ.ზ. – არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი იძულების ბრალდებით, ხოლო 1988 წელს დაბადებული, გ.რ. – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისთვის დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ზ.-მ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში, ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, არასრულწლოვან გოგონას ავტომობილით დანიშნულების ადგილამდე მიყვანა შესთავაზა, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ კი მობილური ტელეფონის გადაცემა აიძულა.
სამართალდამცველებმა, კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დ.ზ. დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავეს.
რაც შეეხება მეორე ბრალდებულს – გ.რ.-ს, იგი სამართალდამცველებმა ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც სკოლის მოსწავლეების მიმართ სექსუალური შინაარსის საუბრებს ახორციელებდა და მათ სასქესო ორგანოებზე ხელით შეხებას სთხოვდა.
სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედების და იძულების ფაქტებზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე და 138-ე მუხლებით“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
მე-2 დღეა, ქუთაისის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეების მშობლები სკოლის მიმდებარედ უცნობი პირების გადაადგილებაზე საუბრობენ.
მათი ინფორმაციით, ერთ-ერთმა დაკავებულმა ბავშვებს თანხის სანაცვლოდ გაყოლა შესთავაზა.
მშობლები აცხადებენ, რომ სკოლის ადმინისტრაციამ ისინი გააფრთხილა, ბავშვები მარტო არ გაუშვან.
„მომივიდა ხმოვანი შეტყობინება, როგორც ყველა მშობელს, რომ ვიყოთ ფრთხილად, რადგან დაფიქსირდა 2 ფაქტი ბავშვების მოტყუების რომ აი, „ვარ მამის მეგობარი“ ან „შეყვარებულს გადააწოდეთ ყვავილი“. ეს ვიცი მხოლოდ. იყო მშობლების გაფრთხილება“, – ამბობს ერთ-ერთი მშობელი ფორმულასთან.