ქუთაისში შეჩერებულია ბაზის ოპერირება, მაგრამ არ ვხურავთ – Wizz Air-ის წარმომადგენელი

პუბლიკა

ავიაკომპანია Wizz Air-ის კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერის, ანდრას რადოს თქმით, ქუთაისში ბაზის დახურვა არ იგეგმება და კომპანიას მხოლოდ მისი ოპერირება აქვს შეჩერებული.

„ვერ დავადასტურებ, რომ იხურება [ქუთაისის ბაზა]. ჩვენ არ ვაუქმებთ ან ვხურავთ ქუთაისის ბაზას. ჯერჯერობით, შეჩერებულია მხოლოდ მისი ოპერირება მანამ, სანამ არ გამოჩნდება ახალი გარემოებები და არ შეიცვლება გადაწყვეტილებები.

ჩვენ თვითმფრინავები გადაგვყავს სხვა ადგილას. თუმცა მას შემდეგ, რაც შევძლებთ ბაზის მუშაობის აღდგენას, რა თქმა უნდა, თვითმფრინავები ისევ გვეყოლება ქუთაისში“, – განაცხადა ანდრას რადომ ჟურნალისტებთან ჩართვაში.

Wizz Air-ის წარმომადგენლის თქმით, ისინი მოწადინებულები არიან, რომ ქუთაისში სრულფასოვნად შეძლონ მუშაობის აღდგენა, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია კორონავირუსის პანდემიასა და მასთან დაკავშირებით შექმნილ როგორც ლოკალურ, ისე გლობალურ სიტუაციაზე.

რადომ ასევე განაცხადა, რომ ისინი ცდილობენ თანამშრომლების შენარჩუნებას. ფრენის გაუქმების გამო, კი მომხმარებელს ბილეთის ხელახლა დაჯავშნას ან ფულის დაბრუნებას სთავაზობენ.