ქუთაისში უნებართვო აფთიაქიდან პირი ურეცეპტოდ ყიდდა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს – სამინისტრო

პუბლიკა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურმა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ერთი პირი ამხილა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით, დანაშაულში მხილებული პირი, ქ. ქუთაისში მდებარე სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე მოქმედი და შესაბამისი ნებართვის არმქონე ერთ-ერთი აფთიაქიდან, რეცეპტის გარეშე, მოქალაქეებზე სისტემატურად ახდენდა ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაციას, რითიც ხელს უწყობდა ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიას“.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით. აღნიშნული მუხლი უკანონო სამეწარმეო საქმიანობას ითვალისწინებს.