ქველმოქმედების სახით ერთ-ერთი ბიზნესმენი საპატრიარქოს სადეზინფექციო საშუალებებს გადასცემს – გამყრელიძე

პუბლიკა

ამირან გამყრელიძემ დღეს ბრიფინგზე ეკლესიების დეზინფექციის საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, ერთ-ერთმა ბიზნესმენმა, რომელსაც ქვეყანაში შემოაქვს სადეზინფექციო საშუალებები, სურვილი გამოხატა, ქველმოქმედების სახით გადასცეს საპატრიაროს აღნიშნული საშუალებების საჭირო რაოდენობა. მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ამის შესახებ საპატრიარქოს უკვე აცნობა.

„რაც შეეხება საპატრიარქოს გუშინდელ განცხადებებს, როცა ჩვენ ვსაუბრობთ საზოგადოებრივ ჰიგიენაზე, ეს ეხება ყველა დაწესებულებას. გუშინ ერთ-ერთმა მეუფემ განაცხადა, რომ თუ მოგვეხმარებით, მზად ვართ, შესაბამისი პროცედურები ჩავატაროთო. ამის შემდეგ, როცა მივიღეთ ეს ინფორმაცია, დავალება მივეცით გარემოს ჯანმრთელობის სამმართველოს [სადაც ტარდება სადეზინფექციო ნივთიერებების რეგისტრაცია], მოეძიებინა ქველმოქმედი ბიზნესმენი, რომელიც გადასცემდა საპატრიარქოს ამ ნივთიერებებს. აქვე მინდა ვთქვა, რომ  რამდენიმე ბიზნესმენი შემოგვეხმიანა ამ პერიოდში, რომ ჩაერიცხა თანხა სხვადასხვა აქტივობისთვის. ერთმა სტამბამ შემოგვთავაზა საპრომოციო მასალების დაბეჭდვა უფასოდ. ამიტომაც გავბედე და მივმართე რამდენიმე იმპორტიორს, ხომ არ ექნებოდათ საშუალება, რომ ქველმოქმედების წესით გადაგვეცა გარკვეული რაოდენობა საპატრიარქოსთვის. ერთმა თანხმობა განაცხადა. არის თანხმობა, თუ გვეტყვიან, სად, რომელ ტაძრებში გადავცემთ ამ საშუალებებს და იქ შეიძლება, ეს გაკეთდეს. მადლობა გადაგვიხადეს და გვითხრეს, რომ შემოგვეხმიანებიან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევა დაფიქსირდა.