ქვემო ქართლში 15-ზე მეტი სოფელი გარე სამყაროს არის მოწყვეტილი.
ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა Ipn-ს უთხრა, რომ ქვემო ქართლში მთელი ღამის განმავლობაში უხვი ნალექი იყო. განსაკუთრებით მძიმე შედეგები მარნეულის, თეთრიწყაროს, ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტებშია.
პრევენციის მიზნით, ღამით მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.
,,15-ზე მეტი სოფელი არის გარე სამყაროს მოწყვეტილი. ხიდებია ჩანგრეული, სამაშველო სამსახური მუშაობს 24 საათის განმავლობაში. ასევე, საჭირო გახდა დამატებითი ძალების მობილიზება სხვადასხვა რეგიონიდან. პრევენციის მიზნით, ღამევე დაიწყო მოსახლეობის ევაკუაცია იქ, სადაც დატბორვის არეალები იყო. ასევე, მოხდა მარნეულის მუნიციპალიტეტში 15-ზე მეტი ოჯახის გამოყვანა საცხოვრებელი სახლიდან…
ზარალი ძალიან დიდია, საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის.
მძიმე და კრიტიკულ არეალებში, სადაც იმის რისკია, რომ წყლის დონემ მოიმატოს, იქიდან ყველა არის ევაკუირებული. ბოლოს 9 ადამიანი იყო ჩარჩენილი წითელ ხიდთან, ერთ-ერთ ობიექტზე და დაიწყეს მაშველებმა ნავებით მათი გამოყვანა. ყველა რისკი მოხსნილია“,- თქვა გიორგი დოხტურიშვილმა.