ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ლევან მამალაძე საქართველოში დაბრუნდა

პუბლიკა

ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ლევან მამალაძე საქართველოში დაბრუნდა. ლევან მამალაძე, რომელსაც მსჯავრი დაუსწრებლად ჰქონდა გამოტანილი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან პარლამენტის მიერ მიღებული „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე გათავისუფლდა.

„მე სამშობლოში დავბრუნდი“ – თქვა ლევან მამალაძემ „TV პირველის“ მიერ საქართველოში ჩამოსვლის მიზეზსა და გეგმებზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ. მისი თქმით, ის პოლიტიკაში აქტიურ ყოფნას აღარ აპირებს.

„პოლიტიკაში შესვლას არ ვაპირებ. მე ვიყავი პოლიტიკაში, მაღალი თანამდებობებიც მქონდა, გავლენებიც მქონდა შესაბამისი. პოლიტიკაში ყოფნა, ეს არის ხელისუფლებისთვის ბრძოლა, მე არ ვაპირებ ხელისუფლებისთვის ბრძოლას, მაგრამ ვიქნები პოლიტიკასთან“, – თქვა მამალაძემ.

ლევან მამალაძემ, რომელიც ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს გავლენიანი პოლიტიკოსი იყო, საქართველო „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დატოვა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, პროკურატურამ ყოფილ რწმუნებულს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ქრთამის გამოძალვაში დასდო ბრალი. მამალაძეს  2006 წელს 17-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიესაჯა.