ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის შენახვისა და გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მატერიალური სარგებლის უკანონო მიღების მიზნით, ქვემო ქართლის რეგიონში არსებულ შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესის“ ფილიალებში გაასაღეს, ჯამში, 3000 აშშ დოლარის ოდენობის, 60 ცალი ყალბი 50 აშშ დოლარიანი კუპიურა“, – წერია უწყების განცხადებაში.
უწყება ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყალბი კუპიურები სრულად იქნა ამოღებული.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.