ქვეყანა მიექანება წარსულისკენ და სამწუხაროდ, ამაში ჩემი წვლილი და პასუხისმგებლობაც არის - გახარია

პუბლიკა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი და ლიდერი, გიორგი გახარია ვიდეომიმართვას ავრცელებს.

ის ამბობს, რომ 18 თებერვალს 2 წელი ხდება, რაც გადადგა თანამდებობიდან და გადადგა  იმიტომ, რომ იმ გზას ქვეყანა მიჰყავდა უიმედობის ჩიხურ მდგომარეობამდე, სადაც დღეს უკვე ვართ.

გახარია ამბობს, რომ მაშინ „ოცნება“ ვერ დაარწმუნა, რომ ქვეყანა შორდებოდა  დემოკრატიულ ღირებულებებსა და დასავლეთს.

„დღეს როგორც აღმოჩნდა, სწორედ ეს იყო მათი მიზანი. ამ 2 წლის განმავლობაში, ქვეყანაში ბევრი ცვლილება მოხდა. სამწუხაროდ, უარესობისკენ. დღეს, 2 წლის თავზე სხვა საქართველოში ვცხოვრობთ. ქვეყანაში, რომელსაც სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს უიმედობის გამო. ქვეყანაში, სადაც აღარ დარჩა მმართველი პარტიისგან დამოუკიდებელი ინსტიტუტი, სადაც ყველას, ვინც ევროპული და დემოკრატიული ღირებულებებისთვის ან უბრალოდ თავისუფალი აზრის გამოთქმისთვის იბრძვის, აგენტის იარლიყს აკრავენ. ამავე დროს, საქართველოს მიეცა უპრეცედენტო შესაძლებლობა – უკვე დღეს და არა ათეული წლის შემდეგ გავხდეთ ევროპული ოჯახის ნაწილი.

შესაძლებლობა, რომლისთვისაც იბრძოდნენ თაობები და რაზეც ოცნებობენ ჩვენი შვილები, რომელსაც ვიმსახურებთ და რომლის ფასი ომით რამდენჯერმე გადავიხადეთ. დღეს ეს შესაძლებლობა უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლის შედეგად გაჩნდა.

ამ გადამწყვეტ მომენტში, საერთო ევროპული მიზნის გარშემო გაერთიანების ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილმა, თავისი მარიონეტების მეშვეობით, გახსნა დისკუსია – საერთოდ გვინდა თუ არა ევროპა? და ფაქტობრივად, უარს გვეუბნება ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან არჩევანზე. უბრალოდ, მას არ უნდა ისეთი ევროპა, რომელიც მის უკონტროლო ძალაუფლებას შეზღუდავს და მას ავიწყდება, რომ ევროპული მომავლისთვის ქართველ ხალხს სისხლი აქვს დაღვრილი.

ერთი მხრივ „ოცნება“ გვეუბნება, რომ ეს სახელმწიფო, თურმე, ბიძინა ივანიშვილია და ჩვენ ისე უნდა მოვიქცეთ, რომ ივანიშვილის ფული იყოს დაცული. მეორე მხრივ „ნაციონალური მოძრაობა“ გვეუბნება, რომ ეს სახელმწიფო სააკაშვილია და მისი ჯანმრთელობისა და კომფორტის გარდა, სხვა არაფერია მნიშვნელოვანი. საბოლოო ჯამში, ორივე მხარე საქართველოს მომავალს ივანიშვილის ან სააკაშვილის სახელს უკავშირებს“, – ამბობს გიორგი გახარია.

ამავე მიმართვაში გახარია ამბობს, რომ ეს სახელმწიფო არც ბიძინაა, არც მიშაა და ეს სახელმწიფო ქართველი ხალხისაა, რომელმაც არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა და ეს არჩევანი ევროპული მომავალია.

„ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა. ყველაფერი, რასაც გავაკეთებთ, უნდა გავაკეთოთ მშვიდობის მიზნით. რა თქმა უნდა, საქართველოს სჭირდება გონიერი, ფრთხილი და დაბალანსებული პოლიტიკა. მაგრამ, სინამდვილეში „ოცნების“ ვითომ მშვიდობიანი და „ფრთხილი” პოლიტიკა უდიდესი საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყნის მომავალს, დაუცველებს, ნამდვილი მეგობრების გარეშე გვტოვებს პირისპირ რუსეთთან.

ამ გამოწვევების ფონზე, იმის ნაცვლად, რომ მეტი ევროპა მოვიტანოთ საქართველოში, ქვეყანა მიექანება წარსულისკენ. სამწუხაროდ, ამაში ჩემი წვლილი და  პასუხისმგებლობაც არის. ივანიშვილის და „ოცნების“ ძალაუფლების გაძლიერებას მეც შევუწყვე ხელი, რადგან ვერ დავუშვი, რომ ადამიანი, რომელსაც ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდა, ჰქონდა ხალხის ნდობა და მხარდაჭერა, რომ საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი პოზიტიური როლი ეთამაშა, გადამწყვეტ მომენტში შეგნებულად, თავისი პირადი ინტერესების გამო დადგებოდა ისტორიის არასწორ მხარეს, ამას გააკეთებდა არა თვითონ, ღიად, თამამად, ვაჟკაცურად, არამედ დამალული, მარიონეტების ზურგს ამოფარებული იმოქმედებდა. ეს არის ჩემი შეცდომა და ვალი ქართველი ხალხის წინაშე. თუმცა დღეს არ არის თავის მართლების და წუწუნის დრო, დღეს მოქმედების დროა. რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა დამიძახონ, დამაბრალონ, სულ მარტო რომ დავრჩე, მე ამ ვალს დავაბრუნებ.

დღეს ჩვენ გვაქვს შანსი, ისტორიას დრო მოვუგოთ და გავხდეთ თანამედროვე ძლიერი ევროპის ნაწილი. არ არსებობს მშვიდობა ევროპული მომავლის გარეშე, ისევე, როგორც არ არსებობს ევროპული მომავალი მშვიდობის გარეშე და ჩვენ ამას ვიმსახურებთ“, – აცხადებს გახარია.