ქვეყანას 12 000 საწოლისა და 2 000 სასუნთქი აპარატის რესურსი აქვს - გამყრელიძე

პუბლიკა

ქვეყანას 12 000 საწოლისა და 2 000 სასუნთქი აპარატის რესურსი აქვს, – ამის შესახებ პრესკონფერენციაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქვეყანაში სამედიცინო სფერო დღეს შედარებით უფრო მომზადებულია.

მან მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ თავი შეიკავონ თავყრილობებისგან და გაითვალისწინონ რეკომენდაციები. „ყველას გირჩევთ, რომ ნაკლები იყოს შეკრებები, არ გვინდა ახლა დიდი ქორწილები, რაც ვიცით ქართველებმა. თავი შევიკავოთ, რადგან ყველა ამგვარ თავყრილობაზე არის რისკი ინფექციის გადაცემისა და გავრცელების. თუ ჩვენ ვიქნებით სოლიდარული, თუ ჩვენ გავითვალისწინებთ სამოქალაქო პასუხისმგებლობას, უფრო ადვილად დავძლევთ ამ დიდ გამოწვევას, რაც დგას მსოფლიოსა და ჩვენი ქვეყნის წინაშე”, – განაცხადა მან.

გამყრელიძემ აღნიშნა, რომ საქართველოში სამედიცინო ინფრასტრუქტურა საკმაოდ განვითარებულია, გვაქვს ძალიან კარგი თანამედროვე ჰოსპიტალები, „ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ კერძო სექტორი ძალიან დიდ როლს ითამაშებს ამ პასუხში და არ იქნება განსხვავება, სახელმწიფოა თუ კერძო. ჩვენ დღეს ყველა ვართ დღეს ერთნი”.

„მივმართავ ყველა საავადმყოფოს, რომ უნდა იყოს შესაბამისი მზადყოფნა და თითოეულს უნდა ჰქონდეს გადაუდებელი სიტუაციების დროს მზადყოფნის გეგმები, ამ სიტუაციის დროს შესაბამისი მარაგი მედიკამენტებისა და ა.შ. საქართველოში 80% ჰოსპიტალების კერძოა, მაგრამ პანდემიამ და ინფექციამ არ იცის კერძო და სახელმწიფო ყველა ერთიანი უნდა ვიყოთ. მივმართავ კერძო სექტორს როგორც ჰოსპიტალურსა და ამბულატორიულს, ისე ფარმაცევტულს. არ ვისარგებლოთ ამ მდგომარეობით, როცა დეფიციტია მთელ მსოფლიოში სახარჯი მასალის, არ ვისარგებლოთ ამით და ვიყოთ სოლიდარულნი და ხელი შევუწყოთ მოსახლეობის ფინანსურ ხელმისაწვდომობას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


როგორც დღეს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, ამ ეტაპისთვის საგანგებო სიტუაციის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს:

„ვინაიდან ყველა ის ადამიანი, რომელიც იმყოფებოდა დადგენილ პაციენტებთან, არის აღრიცხული და მათზე მიმდინარეობს მონიტორინგი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთან დაფიქსირდება პაციენტი, რომლის წყაროც არ იქნება იდენტიფიცირებული, ეს, რა თქმა უნდა, შეიტანს რისკს იმაში, რომ ინფექცია ვრცელდება კონტროლის გარეშე და ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს”, – განაცხადა ტიკარაძემ.


ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსული ინფექციის 25-ე შემთხვევა დადასტურდა. კარანტინის რეჟიმშია 295 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 49 ადამიანი გადის.