დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე თბილისში, რესპუბლიკურ კლინიკაში კორონავირუსის საწინააღმდეგო Sinopharm-ის ვაქცინით აიცრა.
ვაქცინის გაკეთების შემდეგ მან კლინიკის მოსაცდელში, პროტოკოლის შესაბამისად, 15 წუთი გაატარა, შემდეგ კი მედიასთან ისაუბრა.
ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოს მოსახლეობის 20%-ს უკვე გადატანილი აქვს კორონავირუსი და ქვეყანაში გარკვეული კუმულაციური იმუნიტეტია, თუმცა, როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია.
„ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია, ვიდრე ეს მარტ-აპრილში იყო. მაგრამ ვითარება საკმაოდ კარგად იმართება. დღეს დილისთვის ახალი შემთხვევების რაოდენობა არის 788, დაახლოებით 10 000-მდე ტესტის ფონზე. დღევანდელი ეპიდვითარება არ წარმოადგენს დიდ ზეწოლას ჯანდაცვის სექტორზე. საკმარისია საწოლფონდი, ექიმები, ჟანგბადი, წამლები და ა.შ. პირბადის ტარების მაჩვენებელი, ბოლო მონაცემებით, 75%-ია, რაც ძალიან კარგია, მაგრამ, თუ ავალთ 95%-ზე, ბევრად უკეთესი ინდიკატორები გვექნება. საქართველოში საკმაოდ ბევრს – 20%-ს უკვე გადატანილი აქვს ინფექცია, შესაბამისად, არის უკვე გარკვეული კუმულაციური იმუნიტეტი. ასევე, მოდის თბილ ამინდები, ამ ვირუსზე კი მზის სხივი მოქმედებს,” – ამბობს ამირან გამყრელიძე.
Sinopharm-ით ვაქცინაცია საქართველოში დღეიდან, 4 მაისიდან დაიწყო.
ქვეყანამ „სინოფარმის“ 100 ათასი დოზა შეისყიდა.
აცრისთვის ჯავშნის გასაკეთებლად მოქალაქეს შეუძლია ეწვიოს booking.moh.gov.ge ან დარეკოს ნომერზე 1522.
ამ ეტაპზე 55 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომია „ასტრაზენეკას“ ვაქცინა. 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის კი ხელმისაწვდომია „სინოფარმის“ ვაქცინა.
„სინოფარმს“ ჯერჯერობით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია არ მიუღია. მიიღებს თუ არა ვაქცინა ავტორიზაციას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ საკითხზე 29 აპრილს იმსჯელა და დასკვნა მიმდინარე კვირას გასაჯაროვდება.