საქართველოს სახალხო დამცველი ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისსა და კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებს ეხმაურება.
ომბუდსმენის განცხადებით, სახალხო დამცველის, როგორც კონსტიტუციური ორგანოს ვალდებულებაა მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. შარლ მიშელის ინიციატივით დაწყებული მედიაციის წარმატება კი ქვეყანას ამ მიზანთან დაახლოებს.
ამიტომ, სახალხო დამცველი მზადყოფნას გამოთქვამს შეხვდეს მედიაციის მონაწილე პირებს, გააცნოს თავისი პოზიციები და ჩაერთოს ყველა საჭირო პროცესში, რაც საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ცვლილებებს მოიტანს.
„სასამართლოს დამოუკიდებლობა და ინსტიტუციური რეფორმების აუცილებლობა, პოლიტიკური მართლმსაჯულება, არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარება, საარჩევნო სისტემის შეცვლა – ამ საკითხებზე, საზოგადოების სამართლიან პროტესტთან ერთად, საქართველოს სახალხო დამცველის არაერთი მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაცია და ანგარიში არსებობს“, – აცხადებს ომბუდსმენი.
სახალხო დამცველის განცხადებით, ამ რეფორმების გატარება ვერ მოხდება პოლიტიკური დესტაბილიზაციისა და უკიდურესი პოლარიზაციის პირობებში და ორივე მხარეს კომრპომისისკენ მოუწოდებს.
„ამასთანავე, ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის კრიტიკული ხმის გარეშე უკიდურესად რთულდება ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით საპარლამენტო ზედამხედველობა.
სწორედ ამიტომ, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მოლაპარაკებები უპირველეს ყოვლისა უნდა წარიმართოს ინსტიტუციური რეფორმების, ძალაუფლების დანაწილების, კონტროლისა და ბალანსის სისტემის, ასევე, მართლმსაჯულების არსებითი ხარვეზების მქონე საქმეების სამართლიანი გადაწყვეტის შესაძლო კანონისმიერ გზებზე.
მოლაპარაკების ყველა მხარე აღნიშნულის მისაღწევად ვალდებულია გამონახოს პოლიტიკური მზაობა და კომპრომისის რესურსი“, – აცხადებს სახალხო დამცველი.