საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ სწრაფი ტესტების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანაში არსებული სწრაფი ტესტები, რომელიც ანტისხეულებზეა დამყარებული, გამოიყენება მხოლოდ მედპერსონალის ტესტირებისთვის. მისივე თქმით, აპრილის ბოლოს ელოდებიან, რომ ქვეყანაში სწრაფი ტესტების მარაგი იქნება, რომელიც ეტაპობრივად შეივსება ხოლმე.
„ანტისხეულებზე დამყარებული სწრაფი ტესტების გარკვეული რაოდენობა გვაქვს. ამ ტესტების გამოყენება სამედიცინო პერსონალისთვის დავიწყეთ. საჩხერეში ეს ანტისხეულების ტესტი იქნა გამოყენებული. ვიყენებთ სხვა კლინიკებშიც, სადაც მკურნალობას იტარებენ პაციენტები კორონავირუსით. სამედიცინო პერსონალისთვის არის ეს ტესტები მხოლოდ. ამ კვირაში ველოდებით დამატებითი მარაგების შევსებას და ეტაპობრივად ქვეყნაში სწრაფი ტესტების მეტი და მეტი მარაგი შემოვა, რომელიც, როგორც მოგეხსენებათ, ოქროს სტანდარტის პარალელურად მიმდინარეობს და ამ ტესტების ვალიდაციაზე ჯერ ისევ მიდის მუშაობა, რომ დავრწმუნდეთ, რამდენად სარწმუნოა შედეგები და ამ ტესტების ფართო გამოყენება კლინიკურ პრაქტიკაში შეგვიძლია თუ არა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ აპრილის ბოლომდე ქვეყანაში სწრაფი ტესტების სოლიდური რაოდენობა იქნება. აქ საუბარია რამდენიმე ათეულ ათას ტესტზე და ეტაპობრივად შეივსება ეს მარაგები“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, ელოდებიან pcr-ის სწრაფ ტესტებს, რაც ნიშნავს იმას, რომ კვლევა კორონავირუსზე Pcr-ის მეთოდით, მაგრამ სწრაფად ჩატარდება, უფრო სწრაფად, ვიდრე ეს ახლაა შესაძლებელი. მისივე თქმით, ამ ტესტების ხელმისაწვდომობის შემთხვევაში შესაძლებელია ის ჩატარდეს რაიონულ კლინიკებში, რადგან ქვეყანაში სამედიცინო ინფრასტრუქტურა შესაბამისი აპარატებით უზრუნველყოფილია.
„ვფიქრობ, რომ მომდევნო ორი თვის მანძილზე მყარი საფუძველი შეიქმნება, რომ კლინიკებშივე ჩატარდეს ეს კვლევები, რომ აღარ მოგვიხდეს ტრანსპორტირება Pcr ლაბორატორიული კვლევებისთვის ტესტების“, – განაცხადა გაბუნიამ.
მან ასევე ამავე ეთერში განმარტება გააკეთა პნევმოკოკის აცრებზე გავრცელებული ინფორმაციის შესახებ. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ხანდაზმულ მოსახლეობაში პნევმოკოკზე აცრების გაკეთება იგეგმება.
თამარ გაბუნიას თქმით, ამ ეტაპზე მუშავდება სქემა, რომ შეირჩეს აცრისთვის შესაბამისი დრო და შემდგომ სამინისტროს მხრიდან ამ საკითხზე განმარტებები გაკეთდება.
„ნებისმიერ შემთხვევაში პნევმოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ბევრი ქვეყანა იყენებს და სავალდებულო ხასიათი ჰქონდა ბავშვთა ასაკის მოსახლეობაში. დღეს ინტენსიურად ვფიქრობთ, რომ აცრა ხელმისაწვდომი გახდეს ხადაზმული ადამიანისთვის. მუშავდება სქემა რა იქნება ყველაზე გონივრული პერიოდი აცრის ჩატარებისთვის, ეს უკავშირდება გრიპის აცრებსაც. ამდენად, როცა ეს სქემა სრულად იქნება დამუშავებული, შემდეგ გავხდით საზოგადოებისთვის გასაგებს და გავაკეთებთ შესაბამის განმარტებას“.