ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას პარლამენტი მხარს დაუჭერს - ვოლსკი

პუბლიკა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის თქმით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას პარლამენტი მხარს დაუჭერს.

„მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რასაც პარლამენტი მხარს დაუჭერს, განპირობებულია იმ რეკომენდაციებით, რაც აქვს ექსპერტებს და სპეციალისტებს. დღემდე მოვედით მეტნაკლებად კარგი შედეგებით. ამას აღნიშნავს მთელი მსოფლიო და რატომღაც, შიგნით, შიდა ვითარებაში, ურთიერთობებში, რაღაც პოლიტიკურ თემებში გადაიჭრა ამ საკითხით სპეკულაცია. რეალობაა ის, რომ ქვეყანას ემუქრება საფრთხე. რეალობაა, რომ ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად არის ზომები მისაღები, მათ შორის, ისეთი, რომელიც საკმაოდ სერიოზულ დისკომფორტს ქმნის. რაც უფრო კარგად შევასრულებთ ამ რეკომენდაციებს, მით უფრო მალე მოვხსნით იმ შეზღუდვებს, რაც, სამწუხაროდ, ჩვენ გაგვაჩნია დღეს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

გიორგი ვოლსკი ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებსაც:  „ვფიქრობ, ოპოზიციამ დაკარგა, რეალურად, ასპარეზი, სადაც ისინი არგუმენტირებულად მომხრეების გასაგონად მაინც გამოდიოდნენ სხვადასხვა საკითხზე. ეს არგუმენტები აღარ აქვთ, არც თავისი საკუთარი მომხრეებისთვის გასაცნობად. ამიტომ, ცდილობენ, შექმნან ისეთი ვითარება, სადაც ეჭვებს ექნება გაცილებით მეტი ასპარეზი, ვიდრე რაციონალურ გადაწყვეტილებებს. გვეუბნებიან, რომ კვირის ბოლოს მთავრობა წარმოადგენს ეტაპობრივ გეგმას შეზღუდვების მოხსნისთვის. რასაკვირველია, ამ თემაზე მსჯელობა აუცილებელი იქნება, მაგრამ თემების ამოჩემება, რომ თითქოსდა ოპოზიციას აუცილებლად რაღაც საწინააღმდეგო პოზიციები ჰქონდეს არის ერთადერთი შეფასების ღირსი – ეს არის სპეკულაციები“.

საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განცხადა, რომ მთავრობამ პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელების თაობაზე მიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ ბრძანება გამოსცა.