ქვეყანაში სალომბარდე სესხი 307 000 ადამიანს აქვს აღებული - საქსტატი

პუბლიკა

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში მოქმედ ლომბარდებში 2020 წლის განმავლობაში მსესხებელთა (კლიენტთა) რაოდენობა 307 ათასი ერთეულით განისაზღვრა. აქედან აბსოლუტური უმრავლესობა (დაახლოებით 99.9%) ფიზიკური პირია. ქვემოთ მოცემული გრაფიკი ასახავს მსესხებელთა პროცენტულ განაწილებას რეგიონების მიხედვით:

სტატისტიკის სამსახურის ცნობით, სესხის საშუალოწლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 27.8% შეადგინა. საპროცენტო განაკვეთი ეროვნულ ვალუტაში – 27.9%, ხოლო უცხოურ ვალუტაში – 24.3% შეადგენდა. საშუალოწლიური შეწონილი საპროცენტო განაკვეთის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 36.0% – რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი – 22.3% – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში.

სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, გამოკვლევის შედეგების მიხედვით 2020 წლის ბოლოსათვის საქართველოში სალომბარდო საქმიანობით დაკავებული 193 მოქმედი (ფილიალების გარეშე) ორგანიზაცია დაფიქსირდა. აქედან 46.1% თბილისში მდებარეობს, 14.5% – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 14.0% – იმერეთის რეგიონში, 12.4% – აჭარაში, ხოლო დანარჩენი 13% სხვა რეგიონებში ფუნქციონირებენ.

2020 წლის განმავლობაში გაცემული სესხების მოცულობამ 322.8 მლნ. ლარი შეადგინა (მათ შორის 87.1 პროცენტი – ეროვნულ, ხოლო 12.9 პროცენტი – უცხოურ ვალუტაში). გაცემული სესხების 87.5 პროცენტი ფიზიკურ, ხოლო დარჩენილი 12.5 პროცენტი – იურიდიულ პირებზე მოდის.

ლომბარდების საკუთრებაში არსებული ფიქსირებული და არამატერიალური აქტივების მოცულობამ 2020 წლის ბოლოსათვის 29.7 მლნ. ლარი შეადგინა. 2020 წლის ბოლოსათვის ნასესხები ფულადი რესურსების მოცულობამ 264.8 მლნ. ლარი შეადგინა. მათ შორის 60.8 პროცენტი ეროვნულ ვალუტაშია ნასესხები.