ქვეყანაში სიტუაცია ოდნავ მშვიდდება, ყველა მაჩვენებელი იკლებს - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში აღინიშნება კორონავირუსთან დაკავშირებით ყველა ინდიკატორის კლება.

„ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკვე აღინიშნება საკმაოდ გამოხატული, განსაკუთრებით ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ინფიცირების მაჩვენებლის კლება ქვეყანაში. ანუ ყველა მაჩვენებლით, ყველა, ე.წ. ინდიკატორით, რომელიც დაკავშირებულია 7-დღიან ინციდენტობასთან, საშუალო ინციდენტობასთან, 14-დღიან ინციდენტობასთან, 14-დღიან აკუმულაციურ ინციდენტობასთან დაკავშირებით, ყველა მაჩვენებელი უკვე ქვემოთაა წამოსული. ანუ, ქვეყანაში ახალი შემთხვევების განვითარების მრუდს რომ შეხედავთ და გადაიყვანთ მას 100 ათას მოსახლეზე, ნახავთ, რომ ჩვენ უკვე ქვემოთ მოვდივართ. ამავე დროს მნიშვნელოვანია ისიც, რომ დეკემბრის დასაწყისში ერთ მილიონ მოსახლეზე, ახალი შემთხვევების რაოდენობით ყველაზე პირველ ადგილზე ვიყავით ევროპაში და ზოგიერთ მომენტში, მსოფლიოშიც, ეს უკვე ჩამოსულია და ევროპაში ვართ მე-8 ადგილზე, მსოფლიოში სადღაც მე-12 ადგილზე – ანუ ეს მაჩვენებელიც მცირდება, ისევე, როგორც სიკვდილიანობის მაჩვენებელი”, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ინფიცირების რაოდენობა იკლებს.

„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ…. ასევე არაპირდაპირი ინდიკატორია, რომ ქვეყანაში იკლებს ინფიცირების რაოდენობა, ე.წ. დადებითობის პროცენტი. ჩვენ თუ ტესტირებაზე დადებითობის პროცენტი დეკემბრის პირველი 5 დღის საშუალო გვქონდა  -28-29%, დღეს ეს მაჩვენებელი ჩამოსულია 13,5 %-ზე. ასევე თუ შეადარებთ 1-ელ დეკემბერს დადებითობის მაჩვენებელს – იყო 26 % და გუშინწინ, 26 დეკემბერს დადებითობის პროცენტი გვქონდა 13. ანუ განახევრებულია. ერთად, ყველა ეს ინდიკატორი, ანუ ინციდენტობის შემცირება 100 ათას მოსახლეზე, დადებითობის მაჩვენებლის ქვესვლა, მიუთითებს, რომ ინფიცირება ქვეყანაში მცირდება.

ასევე, თუ შეადარებთ ზარებს ცხელ ხაზზე, 112-ზე და ა.შ. ნახავთ, რომ კოვიდის გამო ნაკლები მიმართვიანობაა, ნაკლები მიმართვიანობაა ასევე, პოლიკლინიკებში ტესტირებისთვის. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ქვეყანაში სიტუაცია ოდნავ მშვიდდება, მაგრამ ეს არავითარი დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს იმიტომ, რომ სიტუაცია შეიძლება ყოველთვის და ყოველ წუთს შეიძლება გამწვავდეს, თუ არ დავიცავთ ჩვენს რეგულაციებს“, – აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.


დღეს, 28 დეკემბერს საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 538 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 41 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 2 766.