ქვეყნის 20% ოკუპირებულია, რაც განაპირობა დესტრუქციული ოპოზიციის მმართველობამ - ღარიბაშვილი

პუბლიკა

„ნომერ პირველი გამოწვევა არის ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია. 20% ჩვენი ტერიტორიების არის დაკარგული, რაც განაპირობა ამ დესტრუქციული ოპოზიციის მმართველობამ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ნდობის მისაღებად პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ სხდომაზე.

ღარიბაშვილის თქმით, წინა ხელისუფლებამ თავიდან ვერ აიცილა ის უბედურება, რომელიც მოიტანა აგვისტოს ომმა და რამაც ქვეყნის ტერიტორიების რუსეთის, ოკუპანტი ქვეყნის, მხრიდან აღიარება განაპირობა.

„შედეგად, ჩვენ მივიღეთ ის, რომ დღეს აბსოლუტურად მოწყვეტილია ჩვენი მოსახლეობისგან ეს ორი, ჩვენი ძირძველი ტერიტორია, ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი თანამოქალაქენი. აქედან გამომდინარე, მინდა, ერთი მთავარი ვთქვა, რაც, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია და ყოველთვის გვავიწყდება – მოდით, ვიყოთ რეალისტები და მოდით, ყველაფერს ღია სიმართლე დავუპირისპიროთ:

მაშინ, როცა ჩვენს ქვეყანაში ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები უყურებენ, როგორი დესტაბილიზაციის გაუთავებელი მცდელობა მიმდინარეობს ჩვენი დესტრუქციული ოპოზიციის მხრიდან, ისინი ხედავენ, რომ ჩვენ არ გვაქვს ერთობა ჩვენს ერში. ხედავენ, რომ გვაქვს უამრავი პრობლემა, როგორიც არის ეკონომიკური [პრობლემა], უმუშევრობა, სიღარიბე, სოციალური პირობები, მიუხედავად იმ წარმატებისა, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ – მაგალითად, ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა და ა.შ. მაგრამ ეს არ არის მეგობრებო საკმარისი. ჩვენ დღესაც ვართ ძალიან ღარიბი ქვეყანა.“ – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, დეოკუპაციის, შერიგებისა თუ გაერთიანების ხაზი გადის ეკონომიკურ სიძლიერეზე, კეთილდღეობაზე, უსაფრთხოებასა და შიდა სტაბილურობაზე.

შემთხვევით არ მიხსენებია და არერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო და ყოველთვის გავიმეორებ, რომ ჩვენ გვაქვს უნიკალური პერიოდი – ეს რვაწლიანი პერიოდი, ბიძინა ივანიშვილის მმართველობის, იყო სწორედ ის უნიკალური გამონაკლისი, როცა ჩვენს ქვეყანას არც ომი ჰქონია, არც დესტაბილიზაციის რაიმე მნიშვნელოვანი საფრთხე არ შეგვხვედრია. ამას სჭირდება შენარჩუნება. ამას სჭირდება დაცვა და ამას ჩვენ მტკიცედ დავიცავთ.

ამიტომ, ყველა ის მცდელობა და ყველა ის დესტრუქციული ქმედება, რომელთან გამკლავებაც გვიწევს, რა თქმა უნდა, არის პირდაპირ ჩვენი მტრის ინტერესებში. და აქ ემთხვევა ჩვენი მტრის ეროვნული უსაფრთხოების საკითხები და ინტერესები დესტრუქციული ოპოზიციის ინტერესებს” – განაცხადა ღარიბაშვილმა.