ქვეყნის მასშტაბით 20 ნარკორეალიზატორი დავაკავეთ - შსს

პუბლიკა

შსს-ს ცნობით,  თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში, ასევე, ბოლნისის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღებისა და ჯგუფურად ჩადენილი გასაღების მცდელობის ბრალდებით, 20 პირი დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

პოლიციის მიერ დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები სოციალურ ქსელში არსებული ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფის კურიერები იყვნენ. ისინი ნარკოტიკულ საშუალებებს თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე, უკანონო რეალიზაციის მიზნით ათავსებდნენ და ასაღებდნენ. სამართალდამცველებმა, მათი პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები“, – ნათქვამია განცხადებაში.