ქვეყნის მასშტაბით 21 საათიდან დილის 6 საათამდე ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი - პრემიერი

პუბლიკა

„საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება, ფაქტობრივად, საყოველთაო კარანტინი. 21 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით გადაადგილება ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით დილის 6 საათამდე. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით 21 საათიდან დილის 6 საათამდე ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი“, – განაცხადა პრემიერმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდგომ.

მისივე თქმით, ხვალ დილიდ 8 საათიდან საყოველთაო კარანტინის ფარგლებში იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადადგილება. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებით, მათ შორის, ტაქსით მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ჯანდაცვის სამნისტროს რეკომენდაცია და ავტომობილში იქნება მხოლოდ სამი ადამიანი, მათ შორის მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორი ადამიანი ისხდება უკანა სავარძელზე. ასევე, მგზავრთა გადაყვანა დასაშვებია მხოლოდ სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომელთა ორგანიზებული და უსაფრთხო გადაწყვანის მიზნით.

გარდა ამისა, პრემიერმა ყურადრება გაამახვილა 70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზეც და განაცხადა, რომ მათ სახლიდან გასვლა ეკრძალებათ, თუ ისინი არ მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქსა და სამედიცინო დაწესებულებაში.

„აკრძალულია 70 წელზე ზემოთ ჩვენი მოქალაქეების სახლიდან გასვლა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა და უახლოს სამედიცინო დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები, ეკონომიკის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ვალდებულება აქვთ, რომ მათ დაეხმაროს,“ – განაცხადა პრემიერმა.