ქვეყნის სტაბილურობას არ წაადგება არჩევნების გადატან-გადმოტანა, თუმცა ვითარება გვიკარნახებს გადაწყვეტილებას - პრეზიდენტი

პუბლიკა

საქართველოს პრეზიდენტი მართლმადიდებელ მრევლს მარიამობის დღესასწაულს ულოცავს და განცხადებას ავრცელებს.

თავის განცხადებაში პრეზიდენტი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია კორონავირუსის საწინააღმდეგო რეგულაციების დაცვა, განსაკუთრებით კი აცრა.

ამავე განცხადებაში ის არჩევნების გადადება-არგადადების საკითხსაც შეეხო:

„მეკითხებიან არჩევნებზე რას ფიქრობთო. პასუხი მარტივია: აქაც ჩვენზეა დამოკიდებული თუ რამდენად პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ამ საქმეს. ვფიქრობ, რომ ამ ქვეყნის სტაბილურობას არ წაადგება არჩევნების გადატან-გადმოტანა, და როგორც 2020 წელს შევძელით, დღესაც უნდა იყოს შესაძლებელი შესაბამისი ზომების მიღება, რათა საარჩევნო უბანზე ყველა უსაფრთხოების ნორმა იყოს დაცული.

თუმცა ვითარება გვიკარნახებს გადაწყვეტილებას – იმ შემთხვევაში, თუ ვერ შევინარჩუნებთ ტენდენციას სტაბილურობისაკენ, რაც ბოლო დღეებში შეიმჩნევა. ვაქცინაციის მაღალი ტემპი არ უნდა შენელდეს, ყველამ უნდა გამოვიჩინოთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და მჯერა, რომ შევძლებთ არჩევნებსაც და სკოლების ამოქმედებასაც. ერთიც და მეორეც ჩვენს ხელშია!“, – აცხადებს ზურაბიშვილი.