ქვეყნისათვის გადამწყვეტ მომენტში არ მაქვს უფლება, დავემორჩილო უკანონობას, თუნდაც პატიმრობის მუქარის ფონზე - მელია

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და განმარტავს, რატომ არ იხდის სასამართლოს მიერ დაკისრებულ გირაოს.

როგორც მელია წერს, ის გვიზიარებს იმ არგუმენტებს, რაც ცხადად ადასტურებს, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდი ყველა სახელმწიფო ინსტიტუციას ინსტრუმენტად იყენებს მისი პოლიტიკური პროცესებისაგან ჩამოშორების მიზნით.

ნიკა მელია იხსენებს 2019 წლის 20 ივნისს მოქალაქეებში საპროტესტო მუხტის გაჩენის წინაპირობას და წერს, რომ ნაცვლად იმისა, ხელისუფლებას შეესმინა ხალხის ხმა, პროვოკაცია მოაწყვეს და თავისივე მოქალაქეებზე, მისი შეფასებით, სასტიკად იძალადეს. მელიას თქმით, დანაშაულებრივი ქმედებების გადაფარვის მიზნით, ხელისუფლებამ „სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მორიგი ილუზორული საქმე შეთხზა და მტკიცებულების არარსებობის მიუხედავად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მუხლით მის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა დაიწყო“.

ენმ-ის თავმჯდომარე წერს, რომ მის საქმეში ორკესტრირებულად ჩაერთო საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, თუმცა ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით, „ქართული ოცნება“ იძულებული გახდა, უარი ეთქვა მის დაპატიმრებაზე.

როგორც მელია ამბობს, მაინც გაგრძელდა მისი პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოშორების მცდელობა და ამისთვის აქამდე არარსებული სასამართლო პრეცედენტები შეიქმნა.

„პირველად სწორედ ჩემს საქმეზე მოხდა გირაოს პარალელურად, აღკვეთის ღონისძიების ფარგლებში, დამატებითი შეზღუდვის სახით ელექტრონული მონიტორინგის გამოყენება. მაშინ, როდესაც ის საქართველოს კანონმდებლობით, მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ, სასჯელის სახით შინაპატიმრობის დროს გამოიყენება.

მე ვარ პირველი ბრალდებული, რომელსაც აღკვეთის ღონისძიების ფარგლებში შეეზღუდა საჯარო სივრცეში სიტყვით გამოსვლა. ამომრჩევლებთან შეხვედრა, თან მაშინ, როდესაც მე ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის მოქმედი წევრი ვიყავი.

ქართულ სასამართლო პრაქტიკის ისტორიაში პირველად, უკვე გადახდილი გირაოს შემდეგ, პროკურატურის მოთხოვნით, დამატებით კიდევ გირაოს გადახდა დამეკისრა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მიმართ ე.წ „გავრილოვის“ საქმეზე შეფარდებული გირაო სრულიად უკანონოდ მიმაჩნდა, პატივი ვეცი სახელმწიფო ინსტიტუტებს და სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გირაო 30.000 ლარის ოდენობით ერთხელ უკვე გადავიხადე.

თუმცა, როდემდე შეიძლება გავყვე პოლიტიკური დღის წესრიგით ნაკარნახებ გადაწყვეტილებებს, რომელიც მთლლიანად გასულია სამართლებრივი ჩარჩოებიდან?“, – წერს ნიკა მელია.

ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ თავიდანვე განაცხადა, რომ გირაოს არ გადაიხდიდა, რადგან არსად მიმალულა და მისი თქმით, ასრულებდა იმ მიზნებს, რა მიზნითაც აღკვეთი ღონისძიების ეს ფორმა გამოიყენება.

მელია წერს, რომ თუ ბრალდების მხარეს ჰქონდა მის მიერ სამართალდარღვევის მტკიცებულებები, მაშინ ეს მტკიცებულებები სასამართლოში უნდა წარედგინათ და მისი დაპატიმრება მოეთხოვათ.

მელიას თქმით, ეს ვერ გააკეთეს იმიტომ, რომ იცოდნენ, სამაჯური, რომელიც საჯაროდ მოიხსნა, უკანონოდ ჰქონდა დამაგრებული და ეს არგუმენტი საერთაშორისო პარტნიორების თვალში მისი დაპატიმრების მოტივად ვერ გამოდგებოდა.

„სწორედ ამიტომ, ახლებურად განმარტეს კანონი და პირველი ადამიანი ვარ ვისაც ერთსა და იმავე საქმეზე უკვე მეორედ მთხოვენ გირაოს გადახდას“, – ამბობს ის.

ნიკა მელია საქმის გააქტიურებას მის თავმჯდომარეობას უკავშირებს.

„თუმცა მას შემდეგ, რაც მე ამირჩიეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიის თავმჯდომარედ, დავიწყე ძირეული რეფორმების განხორციელება და წარვადგინე განახლებული ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდა, დასავლური ღირებულებების მქონე გუნდი, კვლავ დღის წესრიგში დადგა ჩემი პოლიტიკური აქტიურობის განეიტრალება და ნაციონალური მოძრაობის გაძლიერების პროცესის შეჩერება.

სწორედ ამიტომ პროკურატურამ ისევ მიიღო პოლიტიკური დავალება და უკანონოდ დაკისრებული გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში დაპატიმრებით მემუქრება.

შეუძლებელია მე არ ვიყო სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისმცემელი და ცხადია, მე ვაცნობიერებ ჩემს სტატუსს, პატივს ვცემ კანონს და მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება განუხრელად ვიცავ მათ, მაგრამ ქვეყნისათვის ამ გადამწყვეტ ისტორიულ მომენტში მე არ მაქვს უფლება სისუსტე გამოვიჩინო და დავემორჩილო უკანონობას თუნდაც პატიმრობის მუქარის ფონზე, რადგან ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას ჩემი ქვეყნის, მომავალი თაობების, ჩემი პატარა შვილის წინაშე, რომელმაც მინდა, რომ სამართლიან, დემოკრატიულ, ევროპული ტიპის ქვეყანაში იცხოვროს“, – წერს მელია.

ნიკა მელიას განცხადებით, მისი მთავარი ამოცანაა ისეთი ქვეყანა, სადაც ადამიანებსი წინააღმდეგ კანონს იარაღად არ იყენებენ და სადაც სამართლიანი სასამართლო ხელისუფლების ხელში არ არის.

„ჩემი ცხოვრების მთავარ ამოცანად სწორედ ამ მიზნის მიღწევა მაქვს დასახული. ამიტომ პატივს ვცემ კანონებს, მაგრამ უარს ვაცხადებ დავემორჩილო უკანონობას. თუნდაც ეს თავისუფლების დაკარგვის ფასად დამიჯდეს, რადგან მტკიცედ მჯერა, რომ ჩემი ბრძოლა არის ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის გაღებული მსხვერპლი. იმისთვის, რომ არასოდეს, არცერთ ხელისუფლებას აღარ ჰქონდეს შესაძლებლობა ჩაგროს და დევნოს მისთვის მიუღებელი ადამიანები. რომ აღარასოდეს ამ ქვეყანაში ადამიანებს აღარ ართმევდნენ არჩევნებს. რომ სამართლიან ბრძოლაში დამარცხებულები ერთმანეთს გამარჯვებას ულოცავდნენ და ერთიანი ძალისხმევით აგრძელებდნენ ბრძოლას ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის“, – აცხადებს მელია.

ის წერს, რომ არ ცდილობს ხელისუფლების პროვოცირებას.

„ეს უკანონობა უნდა დასრულდეს, რადგან მთავრობის ეს რევანშისტური პოლიტიკა არღვევს ქართული სახელმწიფოს ფუნდამენტს და ქვეყანას უკარგავს რეალურ შანსს, თავი დააღწიონ საბჭოურ მენტალიტეტს და ცივილიზებული მსოფლიოს ღირსეული ნაწილი გახდეს“, – წერს მელია.


„საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბრალდებულ ნიკანორ მელიას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების – გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით – პატიმრობით შეცვლის შესახებ სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვასთან დაკავშირებით, თანხმობის თაობაზე პარლამენტს მიმართა, – ამის შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.