არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობის“ ინფორმაციით, პირს, რომელიც ლგბტ თემის წევრს სექსუალური ორიენტაციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებით აშანტაჟებდა და ფულს სძალავდა, 2-წლიანი პირობითი მსჯავრი და 2000 ლარის ჯარიმა დაეკისრა.
„თანასწორობის მოძრაობას“ ქვიარ თემის წევრმა 2019 წლის 13 ივლისს მომართა, რომელიც აცხადებდა, რომ მას სექსუალური ორიენტაციის შესახებ ცნობების გავრცელებით ემუქრებოდა ი.ნ. და აღნიშნული მოტივით სძალავდა თანხას.
„დაზარალებულის განმარტებით, ბრალდებული ინტერნეტის საშუალებით გაიცნო. ბრალდებული მისგან 1000 ლარის გამოძალვას ცდილობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სექსუალური ორიენტაციის გამჟღავნებით ემუქრებოდა“, – აცხადებს „თანასწორობის მოძრაობა“
ორგანიზაციის ინფორმაციით, დაზარალებული აცხადებს, რომ აღნიშნულმა პირმა მას 500 ლარი უკვე გამოსძალა.
„თანასწორობის მოძრაობის“ ინფორმაციით, სსკ-ის 181-ე მუხლით გამოძიების დაწყების შემდეგ აღნიშნული პიროვნება დააკავეს და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა საპატიმრო გირაო 6000 ლარი, ხოლო დაზარალებულ თემის წევრს აუნაზღაურდა ქონებრივი ზიანი – 500 ლარი.
ორგანიზაციის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო ბრალდებული წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით, მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.