ქვიარ აქტივისტი ამბობს, რომ მას, სავარაუდოდ, გარეგნობის გამო სცემეს

პუბლიკა

ქვიარ აქტივისტი და ჟურნალისტი გიორგი ბასხაჯაური აცხადებს, რომ წუხელ, 6 აპრილს თბილისში, ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მასზე ფიზიკურად იძალადეს.

ბასხაჯაურმა „პუბლიკას“ უთხრა, რომ თავდამსხმელი პოლიციამ უკვე დააკავა და დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები.

როგორც აქტივისტი იხსენებს, ახმეტელის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ცდილობდა ტაქსის გამოძახებას, როდესაც ერთი პირი წამოეწია  და გამოელაპარაკა.

„მერე მაგას დაეწია მეორე ბიჭი და რაღაცას ლაპარაკობდნენ. მე ვიდექი გვერდით და ვიძახებდი ტაქსის, მეჭირა ტელეფონი ხელში. ერთ-ერთმა ბიჭმა დამიწყო დაბრალება, რომ ვიღებდი ვიდეოს. ვუთხარი, რომ ვიდეოს არ ვიღებდი და ტაქსის ვიძახებდი და მოვიდა, ჩაიხედა ტელეფონში. მერე რაღაცას მეუბნებოდა. ჩვეულებრივად ვიდექი და ამ დროს მეორე ბიჭის მუშტი მომხვდა სახეში“, – ამბობს ის „პუბლიკასთან“ საუბარში.

გიორგი ბასხაჯაური ამბობს, რომ ერთი პირი მასზე ძალადობდა, მეორე კი გაშველებას ცდილობდა.

„თავიდან საერთოდ ვერ მივხვდი, რა მოხდა. უცნაური და სრულიად არსაიდან წამოსული მუშტი იყო. მერე ამ ბიჭმა, რომელმაც მითხრა, რომ ვიდეოს ვიღებდი, ის პირი გაიყვანა. მე ისევ ტაქსის ველოდებოდი, მეგონა, დამთავრდა, მაგრამ ის კიდევ წამოვიდა და კიდევ მომიქნია თუ დამარტყა, არ მახსოვს… ბევრი დეტალი არ მახსოვს. ამ ბიჭმა ისევ გაიყვანა, მაგრამ ისევ ჩამარტყა მკერდში და უკან დახლზე თუ მის მსგავსზე გადავვარდი და წავიქეცი. მაგ დროს მოვიდა პოლიცია, რომელმაც წამომაყენა და ეს აიყვანეს“, – ამბობს გიორგი.

ბასხაჯაური აზუსტებს, რომ მოძალადესთან მას კომუნიკაცია არ ჰქონია. ის ვარაუდობს, რომ მასზე თავდასხმა მისი გარეგნობის გამო მოხდა.

„ამ ბიჭისთვის, ვინც დამარტყა, არც ერთი სიტყვა არ მითქვამს. ჩვეულებრივად ვიძახებდი ტაქსის… მე აქ მაინც, რატომღაც, მგონია, რომ სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო ან გარეგნობის გამო… საყურე და პირსინგი მეკეთა… ან არ ვიცი, უმიზეზოდ. ფაქტია, მე ამ ადამიანთან კომუნიკაცია არ მქონია. ამ ბიჭს ჩემთვის არ შემოუხედავს, სანამ მეორემ არ მკითხა, ვიდეოს ხომ არ ვიღებდი. ეს მომენტი იყო, როცა შემომხედა და მერე უკვე მომხვდა მუშტი.

თვითონ არ უთქვამს ჩემთვის ერთი სიტყვა, თუ არ ჩავთვლით, რომ გინებისას მეორე ბიჭს ეუბნებოდა, რომ ამას როგორ არ მაცემინებო, თუ ამასთან როგორ არ მიშვებო, თუ რაღაც მსგავსი“, – იხსენებს გიორგი ბასხაჯაური.

„პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა იმის დასაზუსტებლად, რა კვალიფიკაცია მიენიჭა გამოძიებას. უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.