ქვიარ აქტივისტი ლუკა აბლოთია ჰყვება, რომ მას და მის მეგობარს ორი კაცი აედევნა, რომლებიც მას ჰომოფობიური ტერმინებით მიმართავდნენ და ემუქრებოდნენ.
ლუკა აბლოთიას განცხადება სოციალურ ქსელში, მის პლატფორმაზე ვრცელდება.
მისი თქმით, ახალგაზრდა კაცები მუხლების დაჭრით და ძვლებში გადატეხვით იმუქრებოდნენ და თავდასხმის მცდელობას რელიგიურ ნიშნით ხსნიდნენ. როგორც აბლოთია ჰყვება, ისინი პირჯვარს იწერდნენ და იგინებოდნენ, ისინი ლგბტქ აქტივიზმისა და ეკლესიიდან მომდინარე ჰომოფობიური ნარატივების კრიტიკისთვის უპირებდნენ თავდასხმას.
განცხადების მიხედვით, ლუკას უწოდეს პიდარასტი, „ქათმების აქტივისტი“ და ეკლესიასთან მებრძოლი.
აქტივისტმა მეგობართან ერთად მოახერხა ავტობუსის დატოვება და კორპუსში თავის შეფარება.
„ეს პირველი შემთხვევა არაა! რაც მსგავსი თავდასხმა ხდება ჩემზე, ჩემი აქტივიზმის, სექსუალური ორიენტაციის და განსხვავებული აზრის ჰქონის გამო. ეს არის ქვეყანა სადაც არ არის სამართალი! დაუსჯელობის და ჰომოფობიურ დანაშაულებზე ხელაღებული უპასუხისმგებლო მუშაობის გამო, რომელსაც სახელმწიფო ახალისებს, მსგავსი გარემო ბუნებრივი ანარეკლია შედეგების. ესაა გარემო სადაც ადამიანებზე დღისით-მზისით ნადირობენ. სახელმწიფომ უნდა უზრუნველჰყოს უსაფრთხოება ნებისმიერი ადამიანის. მე დღეიდან ვეღარ შევძლებ მშვიდად სწავლას, საზოგადოებრივ ტრანსპორტს ვეღარ გამოვიყენებ და ეს ყველაფერი საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა!“, – ამბობს ლუკა აბლოთია.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ მუქარას გულისხმობს.