ქვიარ აქტივისტის თქმით, მეტროში ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ

პუბლიკა

ქვიარ აქტივისტი, ლუკა აბოლთაიას facebook-ზე წერს, რომ ჰომოფობიურ ნიადაგზე მეტროში თავს დაესხნენ. მისი თქმით, მეტროში უცნობი კაცი შეურაცხყოფას აყენებდა და მისკენ დასარტყმელად გაიწია, რა დროსაც ლუკა აბოლთაიამ, თავდაცვის მიზნით სპრეი გამოიყენა.

„ჰოლანდიის ელჩთან ვაპირებდით შეხვედრას. წერეთელზე საცობების გამო, ავტობუსის, ან ტაქსის გამოყენება შეუძლებელია. ამის გამო ჩავედი დიდუბის მეტროში. იქ ვიღაც, ჩემთვის უცნობი პიროვნება ჩემი მისამართით შეურაცხმყოფელ კომენტარებს აკეთებდა.

მივბრუნდი და ვკითხე: მე მეძახი-თქო? და კი, შენო. ვუთხარი, რომ ჩემი შეურაცხყოფის უფლება არ ჰქონდა, რაზეც მიპასუხა, რომ თუ მოუნდებოდა თავსაც გამიხეთქავდა. ვუთხარი, რომ ამის უფლება არ ჰქონდა და ჩემკენ წამოვიდა. მოვუწოდე უკან დაეხია, გავაფრთხილე, რომ გამოვიყენებდი სპრეის. თავიდან იმ პიროვნებამ უკან დაიხია. მერე ისევ წამოვიდა ჩემი მიმართულებით, ისევ მოვუწოდე და მაგრამ მერე მუშტით წამოვიდა, რა დროსაც გამოვიყენე სპრეი და იქვე ჩაიმუხლა.

ამ დროს, იქ ვინც  იყო, 3-4 პიროვნება თავს დამესხა და მეტროს ვაგონიდან ჩამომაგდეს. შემდეგ პოლიციასთან მოვედი და აქ ვარ. ერთმა პოლიციელმა მითხრა, რომ სპრეის გამოყენების უფლება არ მქონდა, რადგან იქ ხალხიც იყო.“ – განუცხადა ლუკა აბოლთაიამ „პუბლიკას“

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო,  რაც მუქარას გულისხმობს.