„ჩვენ ვმასპინძლობთ საერთაშორისო ინფლუენსერებსა და ბლოგერებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, აშშ-დან და ევროკავშირის სახელმწიფოებიდან. მათ ძალიან ბევრი გამომწერი ჰყავთ და თავიანთ სფეროში საუკეთესო სპეციალისტებად მიიჩნევიან“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა, რომელმაც გუდაურში საერთაშორისო სამთო მოგზაური ბლოგერებისა და ინფლუენსერების 15-კაციან ჯგუფს უმასპინძლა.
ქვრივიშვილის განცხადებით, ინფლუენსერები და ბლოგერები მოამზადებენ პუბლიკაციებს საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების, ქვეყნის სამთო კურორტებისა და სამოგზაურო-სპორტული ინფრასტრუქტურის შესახებ.
„მოველით, რომ ეს პროექტი მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს, როგორც ტურისტულად აქტიური ქვეყნის, ცნობადობას მიზნობრივ ბაზრებზე. ასევე, პოპულარიზებას გაუწევს ზამთრის ტურისტულ სეზონს. ინფლუენსერებსა და ბლოგერებს თავად აქვთ შესაძლებლობა, ნახონ და გამოსცადონ ტურისტული ინფრასტრუქტურა სამთო კურორტებზე და შთაბეჭდილებები სოციალური ქსელების მეშვეობით პოტენციურ მოგზაურებს გაუზიარონ.
მოველით, რომ მათი აქტივობა ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის სწრაფ აღდგენას. ასევე, დაგვეხმარება მიზნობრივი ბაზრებიდან უფრო მეტი მაღალმხარჯველუნარიანი მოგზაურის მოზიდვაში“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 7 ქვეყნის 15 სამთო მოგზაური დაათვალიერებს საქართველოს სამთო კურორტებს და გაეცნობა არსებულ ტურისტულ ინფრასტრუქტურას.
სამინისტრო აღნიშნავს, რომ მსგავსი პროექტი სამოგზაურო პლატფორმა Steller-თან ერთად 2021 წლის ზაფხულშიც განხორციელდა და წარმატებით დასრულდა. შედეგად, მათივე ინფორმაციით, ინფლუენსერების მიერ შექმნილმა კონტენტმა სოციალურ ქსელებში 7.5 მილიონამდე ადამიანი მოიცვა.